The Killers

LOUDspeakers-ის პროდიუსერი: აპარატურას არ გაგვაკარეს, ეგ არის "BROTHERS AND SISTERS"?

Black Sea Arena-ზე როკ ბენდ The Killers-ის მიერ გამართულ კონცერტს, ჯგუფ LOUDspeakers-ის პროდიუსერი გიორგი "გვაჯი" გვარჯალაძე გამოეხმაურა.

გვარჯალაძის თქმით, კონცერტის დღეს 15:00-დან 18:00 საათამდე მის ჯგუფს "საუნდჩექი"(ხმის შემოწმება, ინსტრუმენტებისა და სხვა აპარატურის გამართვა ცოცხალი კონცერტის წინ) უნდა ჩაეტარებინა. The Killers "საუნდჩექს" დილის 9:00-დან ატარებდა და 18:00-ზე დაასრულა. ასევე, ქილერსის მენეჯმენტმა ლაუდსპიქერსს Black Sea Arena-ზე არსებული ინსტრუმენტებისა და აპარატურის გამოყენების უფლება არ მისცა, რის გამოც გვარჯალაძეს ინსტრუმენტებისა და აპარატურის ჩამოტანა თბილისიდან მოუწია. 

შემდეგ, გვარჯალაძის თქმით, ამერიკული როკ ბენდის ერთ-ერთმა მენეჯერმა Loudspeakers-ისა და თავისი ჯგუფის ინსტრუმენტების ერთმანეთისგან დაშორება მოითხოვა, რასაც პროდიუსერის თქმით, არანაირი ლოგიკური საფუძველი არ ჰქონდა, ხოლო მენეჯერის განმარტებით, მას არ უნდოდა, რომ The Killers-ის ტექნიკას ვინმე უცხო შეხებოდა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას დრო დასჭირდა და ქართულმა ბენდმა კონცერტზე ფაქტიურად "საუნდჩექის" გარეშე დაუკრა.

ასევე, გვარჯალაძე ამბობს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული იყო 55-წუთიანი ცოცხალი შესრულება, 45-ე წუთზე The Killers-ის მენეჯერმა ქართულ ჯგუფს გამოსვლის ნაადრევად დასრულება და სცენის დატოვება მოსთხოვა.

"ეგ არის brothers and sisters?(ძმები და დები)? ე.ი. ძაან მკაცრი, ჩვენ ტექნიკას არ გაეკაროთ (გვითხრეს) და ამის შემდეგ, ვიღაცა რუსი ტიპი, წინასწარი შეცნობით აჰყავს (იგულისხმება The Killers-ის ფრონტმენი ბრენდან ფლაუერსი) სცენაზე, არკვევს, რომ ეს რუსია, მერე დადის და ვიღაცას ეკითხება, სავარაუდოდ, თავის მენეჯერებს და ისინიც ეუბნებიან, რომ აიყვანე. ამას "აპრავებს", ვითომ ყველა კონცერტზე შვება მაგას, და არ შვება, უქნია, შეიძლება, მაგრამ ის რომ ეს მათი აბსოლუტურად ყველა კონცერტის ტრადიციაა, არის ტყუილი.

მოკლედ, აიყვანა, დააკვრევინა, თან ძმები ვართ ქართველები და რუსებიო, ანუ ტიპი ხომ სრული დეგენერატია, ვინც მაგაზე "მწვანე მისცა", ისიც დეგენერატია, ჩვენ რაც არ უნდა გავკიცხოთ, თვითონ უკვე გაიკიცხეს თავი და დაზარალდნენ მაგრად, საცოდავი ტიპები არიან. შეცდომა ხომ დაუშვა? მნიშვნელოვანია, რას გააკეთებ შეცდომის მერე, რა გააკეთა ტიპმა? ეგ ბოდიშია, რაც მაგათ დაპოსტეს? ანუ გაუგებრობას მიაწერეს ეგ რაღაცა? რა გაუგებრობა? სად ჩამოდიხარ? საქართველოში. ამბობ, რუსეთი ჩვენი მეზობელია და რაღაც სისულელეებს იძახი? და ამ დროს შენს მხარდამჭერ ქართულ ბენდს ასე ექცევი? ასე ცუდად მოგვექცნენ ჩვენ, ქართველებს. დედა მოვ**ან მაგათი და ვინც "მწვანე მისცა", იმათი ზევიდან". – ამბობს ვიდეომიმართვაში გვარჯალაძე.


15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე როკ ბენდ The Killers-ის კონცერტი გაიმართა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა, იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა. კონცერტი სტვენის და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დასრულდა. 

მოგვიანებით ბენდმა და Black Sea Arena-მ ბოდიში მოიხადა.

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, ბრუნო მარსი და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

კომენტარები