The Killers

კანდელაკი THE KILLERS-ზე: ახალგაზრდები მზად არიან შუა თითი აჩვენონ რუსების ხსენებაზე

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Black Sea Arena-ზე ჩატარებულ ბენდ The Killers-ის კონცერტს გამოეხმაურა.

"The Killers-ს საქართველოში სტვენით რუსი დრამერის გამო შეხვდნენ.

ამერიკულ ჯგუფს დარბაზიდან მსმენელის ამოყვანისა და მასთან ერთად სიმღერის დაკვრის ტრადიცია აქვს. ეს ტრადიცია არც შეკვეთილში დავიწყებიათ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე მსმენელი დასვეს. თითქოს და პოზიტიური ამბავია, მაგრამ ერთი დეტალი გამოაშკარავდა: დრამერი რუსი აღმოჩნდა. The Killers-ის ფრონტმენის სიტყვებმა, რომ "ჩვენ ყველანი ძმები ვართ" აგრესიულად განწყობილი აუდიტორიის ნაწილი არ დააკმაყოფილა. ისინი აგრძელებდნენ ღრიალს, შუა თითების ჩვენებას და გინებას.

გამიკვირდებოდა ეს საქციელი, რომ არ მცოდნოდა შესანიშნავი ამერიკული გრანტების შესახებ, რომლებზეც ქართველი ახალგაზრდების ნაწილია აღზრდილი. ეს ახალგაზრდები მზად არიან შუა თითები აჩვენონ რუსებისა და რუსული კულტურის ნებისმიერ ხსენებაზე.

ამასთან დაკავშირებით მიჩნდება შეკითხვა: როდემდე უნდა შევეგუოთ ამას? რატომ არ ვიწვევთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან სასწავლებლად? დამიჯერეთ, მსურველი ბევრია. დროა გზა მივცეთ მათ". – წერს კანდელაკი ტელეგრამში.


15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე როკ ბენდ The Killers-ის კონცერტი გაიმართა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა, იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა. კონცერტი სტვენის და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დასრულდა. 

მოგვიანებით ბენდმა და Black Sea Arena-მ ბოდიში მოიხადა.

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, ბრუნო მარსი და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

კომენტარები