საქართველო-რუსეთი

კობახიძე: ბათუმის აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში რუსი ტურისტებით დატვირთული ხომალდის, Astoria Grande-ს შემოსვლის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და მას "ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით ნაკარნახევს" უწოდებს.   

კობახიძის მტკიცებით, "საქართველოს არაკეთილმოსურნეები", მათ შორის "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და "უცხოელი პატრონები" ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო შფოთავენ და ამას უკავშირდება "ქსენოფობიური კამპანიები", რომელიც, მისივე სიტყვებით, ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. 

"ფარისევლობა და ფსევდო ანტირუსების ორმაგი სტანდარტიც ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის, გუშინ ბათუმში გამართული აქცია მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი. თუმცა, საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს - სწორედ ამის გამოა, რომ გუშინდელ აქციაზე კოლექტიური ნაცმოძრაობის, პარტია ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, გახარიას პარტიის, გირჩის და ევროპული საქართველოს რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა არავინ მივიდა". - ამბობს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე. 

რაც შეეხება კრუიზს, კობახიძე ამბობს, რომ გემი დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ - მისივე სიტყვებით, მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც.  

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის. 

"გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას. 

სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს - გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. ნაციონალებმა იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც ნაციონალებისა და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა". - ამბობს კობახიძე.  

კობახიძე პოლიციელებს "პროვოკაციაზე სათანადო რეაგირებისთვის" მადლობას უხდის.

"პროვოკაციის სიმძიმისა და შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, პოლიციელებმა იმოქმედეს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფოს ინტერესები. 

საზოგადოებას მოვუწოდებთ, კვლავაც ყურადღებით დააკვირდეს ომისა და ღალატის პარტიის - კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეულ ქმედებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 2024 წლის ოქტომბერში საზოგადოებამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოუტანოს გადამწვეტი პოლიტიკური განაჩენი, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა". - ამბობს ის.  


31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები