საქართველო-რუსეთი

ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები ბათუმში საკრუიზო გემით 31 ივლისს შემოვლენ

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში
batumelebi.ge

29 ივლისს საკრუიზო გემი Astoria Grande კვლავ გამოვა სოჭიდან და ბათუმში გაჩერდება. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობენ. ისინი გემის სცენაზე წარდგებიან. Ამის შესახებ ინფორმაციას Эхо кавказа ავრცელებს.

არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პროპაგანდისტულ მარათონში "Zа Россию", რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის ხელისუფლებამ მას სანქციები დაუწესა. ვებგვერდზე ომი და სანქციები წერია, რომ მან "მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".

ფომინს უკრაინაში შესვლა აეკრძალა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ ყირიმი რუსეთის ეკუთვნის. 2022 წლის 1 ივნისს იგივე მიზეზით ფომინს ქვეყანაში შესვლა ლატვიამაც აუკრძალა.

2018 წელს ფომინმა მხარი დაუჭირა მოძრაობას პუტინის გუნდს, 2020 წელს კი თქვა, რომ პუტინმა სოციალური მნიშვნელობის პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, ფომინმა თქვა, რომ ის მზად არის ფრონტის ხაზზე ექიმად წავიდეს.

"თუ მამული მიხმობს და დავჭირდები, მაშინ აუცილებლად წავალ. ყველაფერს დავივიწყებ და სულ სხვა საქმეს გავაკეთებ“. - თქვა ფომინმა.

კრუიზის მონაწილეებს შორის არის ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი Те100стерон.

27 ივლისს ჯგუფი ოლეგ გაზმანოვის ვაჟთან, როდიონ გაზმანოვთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში კონცერტზე გამოვიდა. მსმენელები სამხედრო ჰოსპიტალის პაციენტები იყვნენ. ჰოსპიტალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 

კრუიზზე ასევე იქნება დმიტრი კოლდუნი, რომელიც 2007 წელს ბელარუსის სახელით ევროვიზიაზე წარდგა. მანამდე, მან მოიგო რუსული პროექტი -ვარსკვლავების ფაბრიკა.

2018 წელს მომღერალმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩაატარა კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, საიტზე ომი და სანქციები წერია, რომ ის „პუტინის რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკას აქტიურად უჭერს მხარს “.

საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს შემოვა. 


27 ივლისს ბათუმში მოქალაქეები შეიკრიბნენ პორტში გაჩერებული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-სთან, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა. დემონსტრანტები გემის ქალაქში შემოსვლას აპროტესტებდნენ. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. მედიასთან საუბარში რუსმა ტურისტებმა ანტიქართული კომენტარები გააკეთეს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ტურისტების მოგზაურობის ფარგლებში იგეგმებოდა სპეციალური საექსკურსიო ტური და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება.

გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

გასულ დღეებში გემის ახალი მარშრუტის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხმა, Россия 1-მა მოამზადა. რუსული პროპაგანდისტული არხის სიუჟეტში ირწმუნებოდნენ, რომ დამატებითი გაჩერება ბათუმის სანაპიროზე რუსი და თურქი ტურისტების მოთხოვნის გამო დაემატა. მათივე თქმით, "მგზავრებს არ მოუწევთ არანაირი დამატებითი დოკუმენტების გაფორმება". 

25 ივლისს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც დაადასტურეს, რომ Astoria Grande ბათუმის პორტში შევიდოდა, თუმცა აღნიშნეს, რომ ხომალდი სანქცირებული არაა. განცხადებაში ნახსენები არ იყო, რომ ხომალდი სოჭის პორტიდან გამოდიოდა.

"გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-იშემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება". – ნათქვამი იყო განცხადებაში. 

Astoria Grande-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კიდევ ერთი რეისის დაწყება 29 ივლისს იგეგმება. ამ რეისის ფარგლებში ლაინერი ბათუმის პორტში მეორედ შესვლას უკვე 31 ივლისს გეგმავს.


სოჭის პორტის ადმინისტრაცია 2023 წლის იანვარში ამბობდა, რომ რომ საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ მათ პორტებში მიმოსვლა დაწყებულიყო. სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა მაშინ აღნიშნა, რომ მგზავრობების დაწყებას 2023 წლის ზაფხულისთვის აპირებდნენ. ამ სიტყვებს შემდეგში გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც აღნიშნა, რომ "უცნობია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია".

ამას გარდა, 22 ივლისს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახალი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. რუსული მედია вестник кавказа წერდა, რომ გემი მგზავრობას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებდა.

კომენტარები