საქართველო-რუსეთი

ბათუმში აქციაზე დაკავებულმა თქვა, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ომბუდსმენი

საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში, 31 ივლისი

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

აპარატის განცხადებით, დაკავებული რ. მ.-ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში". – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

31 ივლისს გვიან ღამით ბათუმის პორტში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

შსს-მ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები