ლელო

კაციტაძე: ლელოს პრიორიტეტია, გაზაფხულამდე თვითონ გავძლიერდეთ და უფრო საინტერესო გავხდეთ

ლელოს წევრი, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ გაზაფხულამდე პარტია აპირებს, თავად გაძლიერდეს და მომავალი პარტნიორებისთვის მეტად საინტერესო გახდეს.  

"უპირველეს ყოვლისა, უახლოესი 6-8 თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ, რომ გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ მათთან და მათით, ვისაც არავინ ყურადღებას არ აქცევს - ეს არის ამომრჩეველი. ჩვენ ყველა ვსაუბრობთ 1%-იან, 3%-იან, 5%-იან, 25%-იან პარტიებსა და მათ გაერთიანებაზე, მაგრამ არავინ არ საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მივიდეს ხალხთან. იცით, რომელ ხალხთან, აი, კვლევებში რომ წერია, არ ვარ ჩამოყალიბებული, ვის ვაძლევ ხმასო.  

ჩვენი, ლელოს პრიორიტეტია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, დაახლოებით, გაზაფხულამდე, გავძლიერდეთ თვითონ ჩვენ და უფრო საინტერესო გავხდეთ ჩვენი მომავალი პარტნიორებისთვის. ხალხით [უნდა გავძლიერდეთ]. ნუ ჩამომართმევთ, რომ კონსტიტუციის ენით გელაპარაკებით, ხელისუფლების წყარო ვინ არის? იმ ხალხით უნდა გაძლიერდე უპირველეს ყოვლისა.   

[...] ჩვენ გვაქვს წინ 13 თვე, აქედან, მინიმუმ, ნახევარი ამ დროისა, ჩვენ გვინდა, რომ თავად ჩვენ გავძლიერდეთ კიდევ უფრო, რაც, ალბათ, სწორი იქნება მეთქვა, რომ აქამდეც უნდა გვეკეთებინა, ვერ ვაკეთებთ, როგორც ჩანს, ისე ეფექტურად, მაგრამ გვიან არასდროს არ არის და იმ პერიოდში, როცა უკვე გადაწყვეტილების მიღება ხდება, უნდა დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია, უნდა დაიწყოს არჩევნების სტრუქტურირება, შემდეგ ჩვენ იდეოლოგიით, ჩვენი ღირებულებებისა და ფასეულობების, ჩვენი პოლიტიკური გემოვნების შესაბამის სტრუქტურებთან შეგვიძლია უკვე დავილაპარაკოთ იმ მონაპოვარით, იმ მოწეული შედეგით, რომელიც ჩვენ ცალკე და მათ ცალკე გავწიეთ". - ამბობს კაციტაძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

მისივე სიტყვებით, თუ ვინმე ამ პოზიციას ისე გაიგებს, რომ ლელო გაერთიანების წინააღმდეგია, ცდება, მაგრამ პარტიისთვის დღეს პრიორიტეტი ხალხით გაძლიერებაა, მათ შორის, ცნობილი ადამიანებით, ნაკლებად ცნობილი ადამიანებით, ადგილობრივი ლიდერებით, ახალგაზრდებით, პოლიტიკაში მყოფებითა და არმყოფებით.  

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების ნაწილში პოლიტიკური ალიანსის შექმნაზე მსჯელობა დაიწყო, ლელოს ლიდერებმა თქვეს, რომ ისინი ალტერნატიულ ცენტრს შექმნიდნენ, რადგან, მათი პოზიციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ დაჯგუფება წაგების ფორმულაა. 

კუპრაძე: ლელო ალტერნატიულ ცენტრს შექმნის – ენმ-ს გარშემო გადაჯგუფება წაგების ფორმულაა 

20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი – გამარჯვების პლატფორმა შექმნეს. ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შეუერთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების თქმით, თუ საჭირო იქნება, ისინი არჩევნებზე 5 ნომრით გამოსვლაზეც თანახმა იქნებიან

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი პლატფორმის შექმნას მიესალმა და ვაშაძესა და ხაბეიშვილის "ძალიან საინტერესო ლიდერები" უწოდა.

"გადავიდა ბნელ მხარეს" – რას ამბობდა სააკაშვილი ვაშაძეზე

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.

კომენტარები