ოპოზიციური ერთობა

კუპრაძე: ლელო ალტერნატიულ ცენტრს შექმნის – ენმ-ს გარშემო გადაჯგუფება წაგების ფორმულაა

ლელო

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა. კუპრაძის თქმით, ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

"ლელო ალტერნატიულ ცენტრს აუცილებლად შექმნის, ეს გარდაუვალი იქნება. ეს ალტერნატიული ცენტრი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის პროცესში მთავარ, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. რა თქმა უნდა, ამ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრში არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა არ განიხილება, რადგან ეს ორი პარტია თავად არის პოლუსის ნაწილი [...] გიორგი ვაშაძესა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ამ ტიპის გაერთიანება ლელოსთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობის გარშემო სრული გადაჯგუფება არის წაგების ფორმულა, რაც არაერთ არჩევნებზე ჩვენ გვინახავს". - თქვა კუპრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ისინი სტრატეგია აღმაშენებელს თანამშრომლობაზე აქტიურად ესაუბრებიან და გეგმავენ,რომ "გამარჯვების პლატფორმა" შექმნან. 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ პარტია საარჩევნოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებაზე მუშაობს. მანჯგალაძე ამბობს, რომ "საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის" ნებისმიერი კომპრომისისთვის მზად არიან, მათ შორის, არჩევნებზე ენმ-ს საარჩევნო ნომრით – 5-ით გამოსვლისთვისაც.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.

კომენტარები