ოპოზიციური გაერთიანება

"გამარჯვების პლატფორმა" – ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიების ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს. 

გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა "გამარჯვების პლატფორმა" დააფუძნეს. 

"ენმ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. და ამასობაში, კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ, მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით ყველა პროდასავლელ პარტიას შორის. ვგულისხმობ სტრატეგია აღმაშენებელს. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, და ჩვენ ასევე ვაპირებტ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან, სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია".-თქვა ხაბეიშვილმა. 

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი ისინი იწყებენ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.

"ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა".- აღნიშნა ვაშაძემ. 

19 ივლისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ისინი სტრატეგია აღმაშენებელს თამაშრომლობაზე აქტიურად ესაუბრებოდნენ და გეგმავენ,რომ "გამარჯვების პლატფორმა" შექმნან. 

ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შემოურთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემაც დაადასტურა, რომ პარტია საარჩევნოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებაზე მუშაობდა. მანჯგალაძემ თქვა, რომ "საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის" ნებისმიერი კომპრომისისთვის მზად არიან, მათ შორის, არჩევნებზე ენმ-ს საარჩევნო ნომრით – 5-ით გამოსვლისთვისაც.

პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი - არა". 

გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ კი აღნიშნა, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს. "სავარაუდოდ გვექნება საუბარი ლელოსთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან".-თქვა კობერიძემ. 

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.

კომენტარები