სტრატეგია აღმაშენებელი

მანჯგალაძე: მზად ვართ, ნებისმიერი კომპრომისისთვის, თუ საჭირო იქნება, გამოვალთ 5 ნომრით

სტრატეგია აღმაშენებლის წერვრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტია საარჩევნოთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებაზე მუშაობს. მანჯგალაძე ამბობს, რომ "საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის" ნებისმიერი კომპრომისისთვის მზად არიან, მათ შორის, არჩევნებზე ენმ-ს საარჩევნო ნომრით – 5-ით გამოსვლისთვისაც.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა 2018 წლის, როცა სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობდა გაყალბების მიუხედავად. ამ ბლოკმა მაშინ, პრაქტიკულად, მოუგო ქართული ოცნების კანდიდატს და ჩვენ ვაპირებთ ამ გამოცდილების გაზიარებას. ძალა ერთობაშია ერქვა გრიგოლ ვაშაძის წარმდგენ სუბიექტს, მაგრამ ნომერი გამოყენებული იყო ნაციონალური მოძრაობის. ახლაც ასეთ ტექნიკურ საკითხებს, რა ნომრის ქვეშ გამოვდივართ, რა გუნდით, ბევრი მეკითხება და ბევრს აინტერესებს ბუღალტერია. ბლოკებთან დაკავშირებით (აკრძალვა) სპეციალურად არის გაკეთებული, რომ ვთქვათ მოდი, პარტიული იდენტობები, ჩემი პარტიული ნომერი არ დაიკარგოს.

ქვეყანას ვკარგავთ, მე არ მიყვარს პათეტიკა, მაგრამ როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს სახვეწარი, ჩემი მხრიდან უხერხულო იქნება გამოვიდე და ვთქვა, რომ ჩემი პარტიული იდენტობა და ნომერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ინტერესი. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კომპრომისზე წავიდეთ საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის. პარტია იმისთვისაა, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე გაიყვანოს ქვეყანა, თუ ამ მიზანს სჭირდება, რომ სხვა ფერის იყოს ეს პლატფორმა, კი ბატონო. ამას უნდა დავარქვათ საქართველოს გამარჯვების მოძრაობა. ჩვენ გვჭირდება დიდი მოძრაობა, თუ საჭირო იქნება, გამოვალთ 5 ნომრით". – თქვა პაატა მანჯგალაძემ.

ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმითაც, ისინი სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად "გამარჯვების პლატფორმის" შექმნას აპირებენ.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.

კომენტარები