პოლიტიკური გაერთიანება

ვაშაძე ენმ-სთან შეერთებაზე: მე და ლევანს უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, მაგარ სინერგიას ნახავთ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობა კომფორტულია. ამის შესახებ ლიდერმა  ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მას და ლევან ხაბეიშვილს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. "ვხედავთ ამ სინერგიას".- დასძინა ვაშაძემ. 

"მე ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან რაციონალური მენეჯმენტი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას და პირდაპირ გეუბნებით, ბოლო ერთი კვირაა ინტენსიურად ვმუშაობთ და ძალიან კომფორტული ზონაა, ლევანთანაც , დასთონაც, პეტრესთანაც, გიორგისთან, ბოტკოველთან. მარტივად ვუგებთ ერთმანეთს. შეიძლება ჩვენც დავღვინდით, ვხედავთ ამ სინერგიას.

[...] მე და ლევანს ერთმანეთის გვესმის უსიტყვოდ. ასე რომ ძალიან მაგარ სინერგიას ნახავთ".- თქვა ვაშაძემ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიების ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს. 

გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა "გამარჯვების პლატფორმა" დააფუძნეს.


19 ივლისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ისინი სტრატეგია აღმაშენებელს თამაშრომლობაზე აქტიურად ესაუბრებოდნენ და გეგმავენ,რომ "გამარჯვების პლატფორმა" შექმნან. 

ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შემოურთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემაც დაადასტურა, რომ პარტია საარჩევნოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებაზე მუშაობდა. მანჯგალაძემ თქვა, რომ "საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის" ნებისმიერი კომპრომისისთვის მზად არიან, მათ შორის, არჩევნებზე ენმ-ს საარჩევნო ნომრით – 5-ით გამოსვლისთვისაც.

პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი - არა". 

გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ კი აღნიშნა, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს. "სავარაუდოდ გვექნება საუბარი ლელოსთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან".-თქვა კობერიძემ. 

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.

კომენტარები