ევგენი პრიგოჟინი

ლუკაშენკო: პრიგოჟინი რუსეთში იმყოფება

Maxim Guchek/BELTA/AFP/Getty Images

"რაც შეეხება პრიგოჟინს, ის სანკტ-პეტერბურგშია. ის ბელარუსის ტერიტორიაზე არ იმყოფება". – ამბობს ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟონზე. 

27 ივნისს, ალექსანდრ ლუკაშენკომ  დაადასტურა, რომ რუსეთში ჩაშლილი სამხედრო არეულობის შემდეგ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფებოდა.

"უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ის (პუტინი) გუშინ დაპირდა, უზრუნველყოფილია. ვხედავ, პრიგოჟინი უკვე ამ თვითმფრინავით დაფრინავს. დიახ, ნამდვილად, ის დღეს ბელარუსშია". – თქვა ლუკაშენკომ.

ამას გარდა, ლუკაშენკომ დაუშვა ვაგნერის მებრძოლების ბელარუსის არმიაში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

"როგორც [ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ] ხრენინმა მითხრა, ასეთი ქვედანაყოფი არმიაში ცუდი არ იქნებოდაო. მე თანახმა ვარ. ესაუბრეთ მათ". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ვაგნერელებისთვის ბანაკებს არ აშენებენ, თუმცა, თუ საჭირო იქნება, დაბანაკების ნებას მისცემენ.

"ჯერჯერობით არანაირ ბანაკს არ ვაშენებთ. მაგრამ თუ მოუნდებათ, განვათავსებთ, როგორც მესმის, ცალკეულ ტერიტორიებს უყურებენ. დადგით კარვები, კი ბატონო". – თქვა ლუკაშენკომ.

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – პრიგოჟინმა ახალი ვიდეო გაავრცელა

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

 

კომენტარები