15 ოქტომბერს ტელეგრამ-არხ Кепка Пригожина-ზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ევგენი პრიგოჟინის მედიაჰოლდინგი პატრიოტის სრული ლიკვიდირება გადაწყდა. ეს არხი წარსულში ოლიგარქის პრესსამსახურის ფუნქციას ასრულებდა.
"კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება იმ ფირმების ლიკვიდაციის შესახებ, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის მედიაჯგუფ "პატრიოტში" შედიოდნენ. ეს იყო სახალისო პროექტი, ნულიდან დაწყებული და საუკეთესო რუსულ მედიაჰოლდინგამდე მისული. "პატრიოტის" სკოლა გაიარა მრავალმა სპეციალისტმა, რომლებიც დღეს იკავებენ მნიშვნელოვან თანამდებობებს როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში. ბედ-იღბალი და წარმატებები ყველა თანამონაწილეს. გზის გაგრძელების დრო მოვიდა." – წერია განცხადებაში.
2023 წლის ივნისის ბოლოს, კსკ ვაგნერის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, დამოუკიდებელი რუსული მედია Медуза წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრიგოჟინმა მედიაჰოლდინგი პატრიოტის ხელმძღვანელებს საჯარო სივრცის დატოვების შესახებ შეატყობინა. რუსული გამოცემა კომერსანტი ასევე წერდა, რომ მედიაჯგუფმა პატრიოტმა 2023 წლის ზაფხულის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა.
სანქტ-პეტერბურგის ტელეგრამ-არხი Ротонда ამ დროს წერდა, რომ პრიგოჟინმა მედიაჰოლდინგი, მათ შორის ე.წ. "ტროლების ქარხანა" დაშალა. ამის შემდეგ, პატრიოტის შემადგენლობაში მყოფი უდიდესი მედია РИА ФАН-ის მთავარმა რედაქტორმა თქვა, რომ გამოცემა მუშაობას წყვეტდა. ეს გაიმეორა ჰოლდინგში შემავალმა კიდევ ერთმა მედიამ, Невские новости-მაც. Медиазона-ს ცნობით, ამის მიუხედავად, ამ გამოცემების იურიდიული პირისა და მედიის ლიცენზიები კვლავ მოქმედი დარჩა, თუმცა როსკომნადზორი, რომელიც რუსეთის მედიამარეგულირებელია, მათ გაუქმებას ცდილობდა. ამას წერდა სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი მედია Фонтанка-ც, რომლის წყაროების ცნობით, ჯგუფის ყოფილი მედიამენეჯერები ცდილობდნენ პრიგოჟინის მემკვიდრეები ჰოლდინგის აღდგენის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ.
მედიაჰოლდინგი პატრიოტის პირველი პროექტები 2009 წელს შეიქმნა, თავად ჯგუფი კი 10 წლის შემდეგ. როგორც მასში შემავალი ФАН-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობდა, მედიაჰოლდინგს 600-მდე პარტნიორი ჰყავდა.
მიმდინარე წლის ივნისში მედიაჰოლდინგი პატრიოტის ყოფილი ტოპ მენეჯერი, ილია გორბუნოვი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო საქმის მიხედვით, მან და მისმა თანამზრახველმა ტელეარხი Санкт-Петербург-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ახლა კი ქალაქის საკანონმდებლო კრების დეპუტატ ალექსანდრ მელკევიჩს 4 მილიონი რუბლი გამოსძალეს.
ევგენი პრიგოჟინი 23 ივნისის აჯანყებიდან ორი თვის თავზე, 23 აგვისტოს მოკვდა, როცა მისი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი იყო.