მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის – უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებამ დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ამასთან უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზეს. 

"4 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი, რათა გამოხატოს მწვავე პროტესტი ციხეში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. ქართველ დიპლომატს განემარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ.

ამის გამო ელჩ ზაქარაშვილს შესთავაზეს დაბრუნდეს თბილისში, რათა გამართოს კონსულტაციები არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად.  უკრაინულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, დაუყოვნებლივ დაიწყოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხის განხილვა, მისი მკურნალობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით."- აღნიშნულია განცხადებაში. 

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები