მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ახლა სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.
ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილის გადარჩენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნორვეგიასა და პოლონეთშიც სურთ და ის შემდგომი პროცესების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"მთელმა მსოფლიომ იცის რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უმრავლესობა თანახმაა, რომ პუტინის პირადი პატიმარია. ასევე ყველამ იცის, რომ არის მძიმე ავადმყოფი. ეს არაერთმა მაღალი დონის ექიმმა დაადასტურა, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ ჩამოსულიყვნენ და ენახათ. ის, რომ ვერ მოხერხდა მათი შემოსვლა მინიშნება იყო ჩემთვის, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი.
გრძელდება ეს პროცესი და ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე. იქნება უკვე სარჩელის განხილვა და იმედი მაქვს იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება ბევრი ადამიანი, საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველა გამოკითხვამ გვაჩვენა. ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს. ძალიან ბევრს უნდა საქართველოში, ეს უნდათ ნორვეგიაში, პოლონეთში, ეს უნდათ ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოს , ლიტვის სეიმს , უკრაინის, პოლონეთის სეიმს. ყველამ ვიცით რისთვის ზის, შეთითხნილი საქმეებისთვის. ზის იმისთვის, რომ არ გადასცა ქვეყანა პუტინს. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები და ვფიქრობთ, რომ სამართალი გაიმარჯვებს".- თქვა გიული ალასანიამ.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ევროსასამართლომ პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა.
11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. მაშინ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ის დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს შეიკავებდა.
"შემიძლია, გითხრათ, რომ პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ. რა მოთხოვნით და როდის არის შესული, ამაზე საუბარს მოვერიდებით. იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ და არ ვიტყვით, რა ფორმის არის საჩივარი, რა მოთხოვნა არის და არის თუ არა ამ საჩივარში 39-ე მუხლის შესახებ მოთხოვნა. ქართულმა ოცნებამ ეს იცის და საქმის სამართლებრივად წარმართვისთვის ეს სრულად საკმარისია". - ამბობდა ჩალაძე.