საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე დემარშზე: პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთისთვის – სიურპრიზი იყო

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. დემარშით ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსეთისთვის პრაქტიკულად სანქციების დაწესება მოითხოვეს, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო. 

"ამ ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ოპოზიცია ისე რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები, ამტკიცებდნენ, რომ არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი. არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას".- განაცხადა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

 

კომენტარები