საქართველო-ევროკავშირი

"რუსეთთან ფრენების აღდგენა მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა" – ევროკავშირის დემარში

European Union in Georgia

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.

"დამწუხრებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდნენ პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ეს არის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, რომ არ შედგეს არცერთი პირდაპირი ფრენა რუსეთში და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ფრენა. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან შეცვალოს მისი ქცევა, როცა საქმე შეეხება ბრუტალურ, აგრესიულ ომს უკრაინაში.

[...] სწორია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ასევე საჭიროებდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ, მე გადავეცი გზავნილი, რომელიც არის შეთანხმებული ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რომლითაც ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ დათანხმდა აღედგინა ფრენები რუსეთთან". – თქვა ჰერჩინსკიმ.

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

კომენტარები