საქართველო-რუსეთი

კობახიძე: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მივესალმებით

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება.

"ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯოს. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული - არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. [რუსეთთან] ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენი პოზიცია მარტივია. ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს რუსეთმა საქართველოს დაუწესა. რამაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა დაამძიმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს 800 000 მოქალაქე ცხოვრობს. თუ რუსეთი ამ სანქციას მოხსნის და ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამას მივესალმებით იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი თანამემამულეებისა და თანამოქალაქეებისთვის შეღავათი იქნება. ეს ჩვენი ძალიან ცხადი პოზიციაა". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ უწყების ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ იმედი აქვს, ისინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

ამის შემდეგ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.

ამას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრა, რომელზეც, უკრაინული მხარის ცნობით, ქართულმა მხარემ ისინი დაარწმუნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას თბილისი არ აპირებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

კომენტარები