საქართველო-რუსეთი

"ღარიბაშვილი ვალდებულია, პარლამენტში მოვიდეს და კითხვებზე პასუხები გასცეს" – ენმ

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლების საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადების გამო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"პუტინმა დაადასტურა, რომ მტერთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რომ მისი გადაწყვეტილება საპასუხო გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პირადად მიიღო [...] საზოგადოებაში ძალიან მწვავე კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან [...] რუსულმა ოცნებამ სანაცვლოდ რა მიიღო და ხელისუფლებამ რა დათმო [...] პრემიერმინისტრი, რომელიც ამ მოვალეობას ფორმალურად ასრულებს, ვალდებულია, რომ პარლამენტში მოვიდეს და საზოგადოების კითხვებზე პასუხები გასცეს". - თქვა ბოკუჩავამ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მან ჩათვალა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მრავალჯერ დააყენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების განახლების საკითხი. პუტინის თქმით, რუსეთი წინ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება "პარტნიორების" რეაგირებაზე.

პუტინის თქმით, მან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი რეისების განახლების გადაწყვეტილება მარტომ მიიღო. მისი მტკიცებით, მას სურდა იმ ხალხის მხარდაჭერა, ვისაც საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობის გამართვა სურს.


ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოში დაფრინავს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ასევე, ფრენის ლიცენზია მიიღო აშშ-ს მიერ სანქცირებულმა Red Wings-მაც. 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა GEORGIAN AIRWAYS-მაც დაიწყო.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები