Credit Suisse

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

Credit Suisse

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში Credit Suisse-თან დაკავშირებულმა პრობლემებმა, აშშ-ს ორი ბანკის (Sillicon Valley-ისა (SVB) და Signature ბანკის) წარუმატებლობასთან ერთად, გლობალური ფინანსური სისტემის მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა.

"დღეს UBS-მა Credit Suisse-ის შესყიდვა გამოაცხადა". - ნათქვამია შვეიცარიის ეროვნული ბანკის 19 მარტის განცხადებაში. მათი თქმით, ეს "ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს და დაიცავს ქვეყნის ეკონომიკას".

გარიგების ფარგლებში, UBS-მა Credit Suisse-ს 3 მილიარდი შვეიცარიულ ფრანკი ($3.25 მილიარდი) გადაუხადა, რაც დაახლოებით 60%-ით ნაკლებია, ვიდრე ბანკის ღირებულება 17 მარტს, ბაზრების დახურვის შემდგომი მდგომარეობით იყო. ამასთან, ტრანზაქციის პირობებში, UBS-მა შვეიცარიის მთავრობისგან გარანტიები მიიღო, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი ბანკის ყიდვით არ იზარალებდა.

CNN Business

Credit Suisse-ის შეძენის შედეგად, მისი ინვესტორები UBS-ისგან მიიღებენ მხოლოდ 0.76 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტს იმ აქციებისთვის, რომლებიც პარასკევს, 17 მარტს, 1.86 შვეიცარიულ ფრანკი ღირდა.

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოს იმ 30 ბანკიდან (მათ შორის, JPMorgan Chase, Bank of America and the Bank of China), რომლებიც გლობალური სისტემისთვის მნიშვნელოვანია და რომლის წარუმატებლობა მსოფლიოს მთელ ფინანსურ ქსელზე აისახება. 150-ზე მეტი ოფისით 50-მდე ქვეყანაში, Credit Suisse წარმოადგენს კომერციულ ბანკს დიდი რაოდენობით მეწარმეების, მდიდარი და ულტრამდიდარი ადამიანებისა და კომპანიებისთვის.

“Credit Suisse, პრინციპში, ბევრად უფრო დიდი საზრუნავია გლობალური ეკონომიკისთვის, ვიდრე რეგიონული ამერიკული ბანკები, რომლებიც გასულ კვირას ასევე პრობლემების წინაშე იდგნენ“. - აღნიშნავს ენდრიუ კენინჰემი Capital Economics-ში 15 მარტს კლიენტებისთვის მიწერილ წერილში.

გარდა იმისა, რომ Credit Suisse არის შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი, ის მსოფლიოს მრავალ უმდიდრეს ადამიანს საბანკო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის, გლობალურ საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. საინვესტიციო ბანკინგის გარდა, Credit Suisse-ის საქმიანობის მეორე მიმართულება Private Banking & Wealth Management-ია. 2022 წლის მონაცემებით, მას 50 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა, მათგან 17 000 - შვეიცარიაში. ასევე, ბოლო სტატისტიკით, გაკოტრებამდე Credit Suisse-ს 1.3 ტრილიონი შვეიცარიული ფრანკის აქტივები ექვემდებარებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.6 ტრილიონით ნაკლებია.

UBS-ის აქციონერებს, ჩვეულებრივ, ექვსი კვირა აქვთ გარიგების განსახილველად და შესაბამისად, ხმის მისაცემად, მაგრამ ამის მიუხედავად, შვეიცარიის ხელისუფლებამ კანონის იმგვარად მოდიფიცირება შეძლო, რომ აქციონერთა მხრიდან გარიგებისთვის ხმის მიცემის აუცილებლობას ბანკმა თავი აარიდა.

როდის დაიწყო Credit Suisse-ის ფინანსური პრობლემები?

წლების მანძილზე სკანდალების სერია, ცვლილებები მენეჯმენტში და მრავალმილიარდიანი დოლარის ზარალი არის მთავარი მიზეზები იმისა, თუ რამ გამოიწვია Credit Suisse-ის გაკოტრებამდე მიყვანა.

როგორც ითქვა, Credit Suisse-ის პრობლემები სათავეს 2000-იანებიდან იღებს, ათწლეულების მანძილზე შვეიცარიული ბანკი არაერთ საერთაშორისო სკანდალში იყო გახვეული - იქნებოდა ეს ფულის გათეთრება, მოსყიდვები, რეგულაციების უხეში დარღვევა თუ კლიენტების აქტივების არასათანადოდ განკარგვის შემთხვევები.

UBS-სა და Credit Suisse-ს შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც Credit Suisse, სიდიდით მეორე შვეიცარიული ბანკი, ნდობის სერიოზული კრიზისის წინაშე დადგა, ხოლო მისი აქციები ბოლო დღეებში მკვეთრად დაეცა. ეს კი, თავის მხრივ, შედეგი იყო 15-წლიანი სკანდალის, სამართალწარმოებისა და სტრატეგიული ცვლილებების, მაშინ როცა სხვა მსხვილი ბანკები უფრო ფოკუსირებული და რეგულირებული გახდნენ. ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობამ, ერთი კლიენტისგან, Archegos-სგან მიღებულმა $5.5 მილიარდის ზარალმა, აღმასრულებელი მმართველების ცვლილებამ, გადასახადებთან დაკავშირებულმა ჯარიმებმა და სანქციების თავიდან აცილებამ, მოზამბიკის სესხების გაყიდვებთან დაკავშირებული თაღლითობის ანგარიშსწორებამ ბანკს ინვესტორების ნდობა დააკარგვინა, რამაც, ცხადია, ის ფინანსური თვალსაზრისით დაასუსტა.

2018 წლის 5 ივლისს Bloomberg-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის მექრთამეობის გამოძიების გადასაჭრელად, რომლის მიხედვით, Credit Suisse Group AG-ის ჰონგ კონგის ფილიალი ცდილობდა, საბანკო ბიზნესში მოგების მიღების მიზნით ჩინელი ოფიციალური პირების მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის სამსახურში პოზიციები შეეთავაზებინა, კომპანიას $77 მილიონის გადახდა მოუწია.

გარდა ამისა, ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოს, ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის მიხედვით, შვიდი წლის განმავლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სამთავრობო მოხელეების მოთხოვნით, Credit Suisse ცდილობდა, 100-ზე მეტი თანამშრომელი დაექირავებინა. ამ სქემით - ჩინოვნიკების ახლობლების გამოგონილ სამსახურში დასაქმებით, ბანკი ქრთამის აღებას ახერხებდა, მეტიც სანაცვლოდ მაღალჩინოსნები ბაკს დამატებით პრივილეგიებს აძლევდნენ. შედეგად, Credit Suisse-მა მილიონობით მოგება ნახა.

შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოს, Finma-ს თანახმად, Credit Suisse Group AG შემჩნეული იყო სათვალთვალო საქმიანობაში, რის შედეგადაც მან დაარღვია შვეიცარიის საზედამხედველო კანონი. ამასთან, Finma-მ გააბათილა Credit Suisse-ს არგუმენტი, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ თაღლით თანამშრომლებს ეკისრებოდათ, მაშინ როცა ბანკის უფროსმა მენეჯმენტმა იცოდა გამოვლენილი შვიდი სათვალთვალო საქმიანობის ნაწილის შესახებ მაინც.

გარდა ამისა, Credit Suisse-მა აღიარა, რომ 2019 წელს ჯაშუშობდა ორ აღმასრულებელზე. მეთვალყურეობის ორი დამატებითი შემთხვევა დაფიქსირდა The Wall Street Journal-ის მიერ, როდესაც Credit Suisse-მა პირადი ჯაშუში დაიქირავა ნიუ-იორკში ერთ თანამშრომლზე ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც ეჭვმიტანილი კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებაში იყო. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როდესაც ბანკი აზიაში ერთ-ერთ თანამშრომელზე ახორციელებდა მეთვალყურეობას, რომელიც კოლეგებს ემუქრებოდა და საბოლოოდ, ბანკიდან გაათავისუფლეს. 

2014 წელს Credit Suisse Group-მა აღიარა, რომ გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მონაწილეობდა შეთქმულებაში, რის შემდეგაც გამოძიების ფარგლებში დათანხმდა, $2.6 მილიარდი გადაეხადა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისთვის. გენერალურმა პროკურორმა, ერიკ ჰოლდერმა ბრალდებების გამოცხადებისას თქვა, რომ ბანკი ჩართული იყო “ვრცელ და ფართო სპექტრის“ სქემაში, რათა მდიდარ ამერიკელებს აქტივების შიდა შემოსავლების სამსახურისგან დამალვაში დახმარებოდა. 

2021 წელს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შვეიცარიული ბანკის შვილობილი კომპანია დამნაშავედ ცნეს თაღლითობის შეთქმულების ბრალდებაში. იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის და ფასიანი ქაღალდების კომისიის სამოქალაქო გამოძიების დასასრულებლად, Credit Suisse-მა, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ის თაღლითი თანამშრომლების მსხვერპლი იყო, აღიარა, რომ თაღლითობდა ინვესტორებზე, რომლებმაც იყიდეს დავალიანების ნაწილი. კომპანია ასევე დათანხმდა $275 მილიონის გადახდას.

2021 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაასრულა გამოძიება ხუთ ბანკთან, მათ შორის, UBS-ისა და Credit Suisse-სთან დაკავშირებით, რომლებიც სავალუტო ვაჭრობის კარტელის სქემაში თანამონაწილეობდნენ. შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა UBS-მა თავიდან აიცილა 94 მილიონი ევროს ოდენობის პოტენციური ჯარიმა მას შემდეგ, რაც მან კარტელის არსებობის შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნა. აღნიშნული ხუთი ბანკიდან ერთი, რომელიც არ დაემორჩილა პროცესს, იყო Credit Suisse და ის შესაბამისად, დაჯარიმდა 83.3 მილიონი ევროს ოდენობით.

Credit Suisse-ის შიდა სკანდალები

2020 წელს, Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიჯან ტიამი იძულებული გახდა, გადამგდარიყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბანკმა ქონების მართვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, რომელმაც თანამდებოობა კონკურენტ ბანკში გადასვლისთვის დატოვა, სათვალთვალოდ კერძო დეტექტივები დაიქირავა. ამ ყველაფერთან ერთად, მცირე სკანდალებმა განაპირობა ის, რასაც Bleakley Financial Group-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, პიტერ ბუკვარმა Credit Suisse-ის "შენელებული ავტოავარია" უწოდა.

Credit Suisse-ის აქციების გაყიდვა 2021 წელს დაიწყო, რაც გამოწვეული იყო საინვესტიციო ფონდის Archegos-ისა და Greensill Capital-ის დაშლით. გარდა ამისა, 2022 წლის იანვარში ანტონიო ჰორტა-ოსორიომ ბანკის თავმჯდომარის პოსტის დაკავებიდან 8 თვეში თანამდებობა COVID-19 თან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების დარღვევის გამო დატოვა.

2022 წლის 28 მარტს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ იწყებოდა გამოძიება 2022 წელს უკრაინაში სრულმასტაბიანი შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებულ სანქციების Credit Suisse-ის საქმიანობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტისა და ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარეებმა Credit Suisse-ს აღმასრულებელ დირქტორს სთხოვეს, გადაეცა ინფორმაცია პოტენციურად სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული იახტებისა და თვითმფრინავების დაფინანსების შესახებ. 

ბანკის $2 მილიარდის ოდენობის სესხი, რომელიც Credit Suisse-მა მდიდარი კლიენტების იახტებისა და თვითმფრინავების გადასახდელად აიღო, შემცირდა ვალის შეთანხმების შედეგად, რომლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Financial Times-მა თებერვალში გამოაქვეყნა. Financial Times-ის ცნობით, შესყიდვის პრეზენტაციის თანახმად, 2017 წლიდან 2018 წლამდე დაფიქსირდა ოთხ სესხთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა სანქცირებული რუსი მილიარდერების მხრიდან. გარდა ამისა, მოგვიანებით გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ინვესტორებს უთხრეს, რომ რუს ოლიგარქებთან (რომელთაც მოგვიანებით სანქციები დაეკისრათ) დაკავშირებული გარიგების დოკუმენტები გაენადგურებინათ. 

“ეს დოკუმენტი აჩენს მნიშვნელოვან შეშფოთებას Credit Suisse-ის საქმიანობის შესაბამისობასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ დაწესებული მკაცრ საქნქციებთან მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის არქიტექტორებსა და ხელშემწყობებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და მის ახლო წრეში მყოფ ოლიგარქებს დაუწესდათ”. - წერდნენ კომიტეტის თავმჯდომარეები.

მომხმარებლებისთვის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ეს მცდელობა Credit Suisse-ს მას შემდეგ ჰქონდა, რაც ბანკის 30 000 კლიენტის ანგარიშების დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. ეგრეთ წოდებული "Suisse Secrets"-ის დოკუმენტემა ბანკის კრედიტორის კავშირები ოლიგარქებთან, არაკეთილსინდისიერ სახელმწიფო მოხელეებთან, ფულის გათეთრებაში, არადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირებთან და ნარკოტიკის კონტრაბანდისტებთან გამოამჟღავნა. 

ივლისში, ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა და რესტრუქტურიზაციის ექსპერტმა, ულრიხ კოერნერმა გამოაქვეყნა სტრატეგიული მიმოხილვა, თუმცა, ინვესტორების მიზიდვა ვეღარ შეძლო

”მე ვიცი, რომ ადვილი არ არის ფოკუსირების შენარჩუნება იმ არაერთი ამბის ფონზე, რომელსაც კითხულობ მედიაში - განსაკუთრებით, ბევრი ფაქტობრივად არაზუსტი განცხადების გათვალისწინებით. ამიტომ, მე მჯერა, რომ თქვენ არ ურევთ ჩვენი ყოველდღიური აქციების ფასების მაჩვენებელს ბანკის ძლიერ კაპიტალის ბაზასთან და ლიკვიდურობის პოზიციასთან მიმართებით”. - აღნიშნა კოერნერმა.

პრობლემებისა და სკანდალების დაუსრულებელმა სერიამ საბოლოო წერტილს 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში მიაღწია. ბანკმა 2022 წელი თითქმის $8 მილიარდის ზარალით დახურა, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე მძიმე მაჩვენებელია.

მანამდე კი ბანკი 2022 წლის ივნისში ბულგარელი კოკაინის რეალიზატორებისთვის ფულის გათეთრების ხელშეწყობისთვის გაასამართლეს. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაჯგუფებამ ბანკის მეშვეობით მილიონობით დოლარი გაათეთრა. ამის გამო ბანკი $2.1 მილიონით დაჯარიმდა და შვეიცარიის მთავრობისთვის $20 მილიონის გადახდა დაეკისრა. 

Credit Suisse-მა თებერვალში დაადასტურა, რომ კლიენტებმა მეოთხე კვარტალში 110 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ($119 მილიარდი) სახსრები ამოიღეს, ხოლო ბანკმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. დეკემბერში Credit Suisse-მა ინვესტორებს 4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შესთავაზა.

მსხვილი ინვესტორების მიერ ბანკის დატოვებასთან ერთად, Credit Suisse-ის აქციებმა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში ღირებულების 88%-ზე მეტი ზარალი განიცადა.

Bloomberg-თან ინტერვიუში გასულ კვირას Credit Suisse Group AG-ის მთავარმა აქციონერმა, საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, რომლის აქციებმა სამ თვეში ღირებულების მესამედზე მეტი ზარალი განიცადა, პრობლემურ შვეიცარიულ ბანკში ინვესტიციის განხორციელება გამორიცხა.

ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ Credit Suisse 23%-ის აქციები ციურიხში ახალ რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა, მაშინ როცა ობლიგაციების დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულება მოკლევადიან პერსპექტივაში მიუახლოვდა დონეს, რომელიც ჩვეულებრივ ინვესტორების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

Credit Suisse პოსტ საბჭოთა სივრცეში

Credit Suisse პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ბიზნესმენებისა თუ კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნებისთვის მიმზიდველი ფინანსური ინსტიტუტია - ამაზე არაერთი სკანდალიც მიუთითებს - იქნება ეს აზერბაიჯანის ლიდერის შვილის თუ ყაზახეთის პრეზიდენტისა და უზბეკეთის მაღალჩინოსნების თაღლითურ გარიგებები.

აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის თანამდებობას ვასიფ თალიბოვი 26 წლის განმავლობაში იკავებდა. მისმა ვაჟებმა - რზა და სეიმურ თალიბოვებმა სწორედ Credit Suisse-ისა და სხვა რამდენიმე საერთაშორისო ბანკის გამოყენებით 2007 წლიდან 2012 წლამდე საეჭვო ტრანზაქციებით $20 მილიონამდე მიიღეს. ფინანსური დანაშაულის ექსპერტმა, რომელმაც განიხილა ტრანზაქციები, აღმოაჩინა ფულის გათეთრების მრავალი ნიშანი, რაც, მისი განმარტებით, ბანკებს უნდა შეემჩნიათ. ეს კიდევ უფრო საინტერესოა ქართველი მკითხველისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო წლებში ძმებმა დუბაისა და საქართველოში $63 მილიონის ღირებულების ქონება შეიძინეს.

2012 წლის იანვარში ვასიფ თალიბოვი სამდღიანი ვიზიტით ქალაქ ბათუმს ეწვია. ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურის ცნობით, მისი მიზანი რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაცნობა იყო. მისმა უფროსმა ვაჟმა რზამ, რომელიც მას აჭარაში თან ახლდა, მალევე ჩადო   უძრავ ქონებაში ინვესტიცია და იყიდა ისტორიული შენობა სანაპიროდან რამდენიმე კვარტალში $1.5 მილიონად იყიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ აჭარის წარმომადგენლები ნახჩევანს ეწვივნენ და ორ რეგიონს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანხების დამალვისთვის ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი Credit Suisse-ს ჯერ კიდევ 1998 წელს იყენებდა - როდესაც ყაზახეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვეშ ცხოვრობდა. გაჟონილი საბანკო მონაცემების მიხედვით, თოყაევის მაშინდელი მეუღლის, ნადეჟდასა და 14 წლის ვაჟის, ტიმურის შვეიცარიის საბანკო ანგარიში იმ წელს გაიხსნა, როცა ტიმური ჟენევის ძვირადღირებულ სკოლა-ინტერნატში სწავლობდა.

2012 წელს კი, თოყაევების Credit Suisse-ის ანგარიშის დახურვის შემდეგ, ოჯახმა დააარსა ორი ოფშორული კომპანია BVI-ში. კომპანიები - Wishing Well Group Inc, რომელსაც ეკუთვნის ტოკაევის ყოფილი ცოლს, და Wisdom Invest & Finance Inc., ტიმურის საკუთრებაში - როგორც ჩანს, ეს კორპორატიული სქემა ბრიტანული Edelweiss Resources-ის ფლობის მიზნით იყო შექმნილი. ჩანაწერებში, ასევე, ვკითხულობთ რომ თითოეულ ამ კომპანიას საკუთარი შვეიცარიის საბანკო ანგარიში ჰქონდა. 

მოთხოვნების მიუხედავად, Credit Suisse-მა თქვა, რომ ინდივიდუალურ კლიენტებთან ურთიერთობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და უარყო ბრალდებები

ეჭვებს აჩენს უზბეკეთის პირველი ვიცეპრემიერის მეუღლის, რანო რამატოვას, საქმიანობაც, რომელიც საჯაროდ არასდროს გამოჩენილა, თუმცა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჟონილი საბანკო დოკუმენტის მიხედვით, ცხადია, რომ ის არის საიდუმლო მოთამაშე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს საქმიანობაში.

ეს ქალი, რომელსაც ანგარიში შვედეთის ბანკში ჰქონდა, იყო Orient Group-ის დამფუძნებელი, იმ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის მთავარი პარტნიორი და მიმწოდებელი, რომელსაც მისი ქმარი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რამატოვას ასევე ჰქონდა ოფშორული კომპანია - შექმნილი ფულის გათეთრებისთვის, რომელიც იყენებდა შვეიცარიის საინვესტიციო სერვისებს და, როგორც ჩანს, ფულს უზბეკეთის რკინიგზის ბიზნესიდან იღებდა.

რატომ შეიძლება აერჩია ივანიშვილს Credit Suisse?

Credit Suisse-ის სკანდალებს ასევე უკავშირდება რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელიც, რომელიც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაშია, Credit Suisse-ში ოფშორული კომპანიების სახით 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებს ფლობდა. 

კომპანიები ამერიკის ორ უმსხვილეს ფოლადის საწარმოში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების წილებს ფლობდნენ და გაურკვეველ სასესხო ხელშეკრულებების სქემებში იყვნენ ჩართული. 

მართალია, ამ კომპანიების მფლობელთა იდენტიფიცირება საკაოდ რთულია და ტრასტები, ძირითადად, ანონიმურობის პირობას იცავენ, თუმცა გასულ წელს მედიაში გაჟონა კვიპროსში დაფუძნებული კორპორატიული სერვისის პროვაიდერი MeritServus-სა და Credit Suisse-ს შორის მიმოწერამ, სადაც აღნიშნულია, რომ აბრამოვიჩი HF Trust-ის ბენეფიციარია, ისევე, როგორც ის კომპანიები, რომლებსაც ის ფლობს. 

მიუხედავად იმისა, რომ მიმოწერაში აღწერილი მრავალი გარიგება სანქციების დაწესებამდე პერიოდს ეხება, Credit Suisse-მა, ისევე, როგორც MeritServus-მა არ უპასუხეს მედიას კითხვაზე, უწევენ თუ არა მომსახურებას აბრამოვიჩს მას შემდეგ, რაც მას სანქციები დაუწესეს.

მოგვიანებით, Credit Suisse-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ბანკი ვერ აკეთებს კომენტარს პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობაზე", თუმცა, განცხადებაში წერია, რომ ბანკს აქვს "მკაცრი კონტროლის მექანიზმები", რათა თავიდან აიცილოს ფინანსური დანაშაულები და სანქციებისგან თავის არიდების მცდელობები.

აბრამოვიჩის ოფშორულ გარიგებებში ერთ-ერთ ყველაზე დამაბნეველი ელემენტი სესხებია, რომელსაც იგი ისეთი იურიდიული პირების სახელით იღებდა, რომლებსაც თავად აკონტროლებდა. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი სესხები ძირითადად გადასახადების შესამცირებლად, ან ფულის გასათეთრებლად გამოიყენება. 

"სესხები ყოველგვარი რაციონალური დასაბუთების გარეშე კომპანიების რთული ქსელის მეშვეობით ფულის გათეთრების ეფექტური გზაა. თუ ასეთი სესხები სწრაფად იფარებოდა, ან განმეორებითი ტრანზაქციებისთვის გამოიყენებოდა, როგორც აქ ვარაუდობენ, მათი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს" - ამბობს Transparency International-ის იურისტი, კუშ ამინი. 

პოსტ საბჭოთა სივრცის გარდა, მსგავს, და ზოგჯერ კიდევ უფრო მასშტაბურ, სკანდალებს ვხვდებით ტაივანში, ვენესუელაში, იორდანიაში, იემენში, ერაყში, ეგვიპტესა და პაკისტანში.

შვეიცარიის ბანკები ათწლეულების მანძილზე საიდუმლოს სინონიმი იყო. ქვეყნის საბანკო ანონიმურობის კანონებმა თითქმის შეუძლებელი გახადა სხვა მთავრობებისა და ჟურნალისტებისთვის მასში შეღწევა. კორუმპირებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, ან კრიმინალები შვეიცარიას მიმართავენ, რათა ქონება ცნობისმოყვარე თვალებისგან დაიცვან, ხოლო, როგორც კი ფული საბანკო ანგარიშზე მოხვდება, შემდეგ მისი ნებისმიერ ადგილას გადარიცხვაა შესაძლებელი - ანონიმურობისა და ფარულობის გარანტია, ისევე, როგორც დიდი სამოქმედო სივრცე - ალბათ, სწორედ ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადამწყვეტი ფაქტორი მაშინ, როდესაც მან არჩევანი Credit Suisse-ზე შეაჩერა. 

ბიძინა ივანიშვილის საქმე

Bloomberg-ში 14 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი დავა Credit Suisse Group AG-ის ერთ-ერთ ტრასტთან სამაგალითო გახდებოდა გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახების მილიარდობით აქტივებს მართავს. 

“დავა ამ საქმეში იწყება 2004 წელს, როდესაც ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, აირჩია Credit Suisse მისი $1.1 მილიარდის განსათავსებლად. იმავე წელს ფრანგმა პატრის ლესკადრონმა, რომელიც საუბრობდა რუსულ ენაზე, მაგრამ იმ დროს საბანკო გამოცდილება არ ჰქონდა, დაიწყო მუშაობა ბანკში. ორი წლის განმავლობაში ის მუშაობდა რეგიონის ყველაზე დიდ კლიენტებთან, მათ შორის ივანიშვილთან. მაგრამ, როდესაც კერძო ბანკირმა მისი კლიენტების სახელით დანაკარგი ნახა, მან აღიარა, რომ პანიკაში ჩავარდა და დაიწყო ხელმოწერების გაყალბება, სავაჭრო განკარგულებებსა და ამონაწერების დუბლიკატებს ამზადებდა, რათა დრო მოეგო და ეცადა დანაკარგების კომპენსირება. მისი მაქინაცია 2015 წლამდე არ გამოვლენილა, ვიდრე არასწორი ფსონი ივანიშვილს $120 მილიონი არ დაუჯდა. ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, ტრასტებს, რომლებიც აკონტროლებდნენ აქტივებს, უნდა დაეცვათ, მონიტორინგი გაეწიათ და ჩარეულიყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლესაკადრონის ქცევასთან დაკავშირებით 2006 წელს გამაფრთხილებელი სიგნალები გაჩნდა”. - ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო, აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. როგორც ითქვა, ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირად ბანკირის შერჩევაში შეცდა, 2015 წელს აღნიშნავდა, რომ ის ხალხი, ვისაც სესხი დოლარში აქვს, კარგად უნდა გაერკვეს ბიზნეს პროცესებში და ამასთან, ურჩევდა, რომ სწორი რჩევებისთვის სპეციალისტები დაექირავებინათ. 

“ეკონომიკა, ბიზნესი ეს რთული მექანიზმია, მას ცოდნა უნდა და ალღო უნდა, ესე მარტივი არაა ვთქვათ, სად დააბანდო შენი კაპიტალი - დოლარში, ლარში თუ ევროში გადაიტანო, ეს არის პროცესი, ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესებში უნდა გაერკვეს, თუ არ ერკვევა. უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს, ბიზნესმენებიც ძალიან ბევრი ვერ ახერხებს სწორად გამოიცნოს, სად გადაიტანოს თავის ქონება - დოლარში, ლარში თუ ევროში და ასე შემდეგ. ეს არის ნორმალური პროცესი”. -განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირის, სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

ქართული ოცნების რიტორიკაში ხშირად იკვეთება აქცენტები Credit Suisse-ს პოლიტიკური შანტაჟის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის პროპაგანდით, გლობალური ომის პარტია აიძულებს Credit Suisse-ს ზეწოლა მოახდინოს ბიძინა ივანიშვილზე, რათა მისი არაფორმალური გავლენით საქართველოს მთავრობაზე ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას. 

“ეს არის განზრახვა, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რომელიც წარიმართება ამჟამად უკრაინაში. თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ რაც თავადაც მიგვანიშნა ბიძინა ივანიშვილმა წერილში, რომ ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში შანტაჟს არ დაექვემდებარება, მით უმეტე,  როდესაც მეორე მხარეს დგას ის, რაც შეიძლება იყოს უკიდურესი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. საუბარია ქვეყნის თვითგანადგურებაზე ხელის მოწერაზე, ამას ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს”. - აღნიშნა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

26 იანვარს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პრესაში გაავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. მისი თქმით, ბანკი ქმნიდა მოლაპარაკებების ილუზიას და ბანკის წარმომადგენლები მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობდნენ.

UBS-ისა და Credit Suisse-ის ერთობლივი მომავალი

UBS-ისა და Credit Suisse-ის ქონებრივი მდგომარეობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. Refinitiv-ის მიხედვით, UBS-ის აქციები ბოლო ორი წლის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელს $7.6 მილიარდის მოგება ნახა. 19 მარტს მისი საფონდო ბირჟის ღირებულება დაახლოებით $65 მილიარდი იყო.

Credit Suisse-ის აქციებმა იმავე პერიოდში დაკარგა ღირებულების 84%, გასულ წელს კი $7.9 მილიარდის ზარალი განიცადა, ხოლო გასული კვირის ბოლოს - $8 მილიარდის ზარალი.

Credit Suisse გასულ კვირას 167-წლიანი ისტორიის ყველაზე სერიოზულ კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ბანკი წლების განმავლობაში კარგავდა ინვესტორებისა და მომხმარებლების ნდობას. 2022 წელს მან გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალი აჩვენა. გასულ კვირას კი ბანკმა საჯაროდ ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული “მატერიალური სისუსტის” შესახებ ისაუბრა

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკის თქმით, UBS-სა და Credit Suisse-ზე ლიკვიდურობის გაზრდის მიზნით ის 100 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ($108 მილიარდი) ოდენობის სესხს გასცემს. 

როგორ აისახება ტრანზაქცია Credit Suisse-ის კლიენტებზე, ბიძინა ივანიშვილსა და მის სასამართლო დავაზე?

მიუხედავად იმისა, რომ რთულია, საბანკო სექტორში სამომავლოდ განვითარებული მოვლენების პროგნოზი, თუ მთავრობები და ცენტრალური ბანკები გამოიჩენენ ინიციატივას, ადგილზევე შეაჩერონ შესაძლო საბანკო პანიკა, Credit Suisse-ს დეპოზიტორები სავარუდოდ უსაფრთხოდ იქნებიან. 

თუმცა, უფრო სარისკო კატეგორიას წარმოადგენენ ის ადამიანები, რომელთაც Credit Suisse-სთვის ფული სამართავად ჰქონდა მიბარებული. განსაკუთრებით, იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელთა ფასიანი ქაღალდები 17 მილიარდს შეადგენდა, მათი ობლიგაციები გაუფასურდა ამ გარიგების დროს, რაც ცალსახად ცუდად აისახება მათსავე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

Credit Suisse-ს კლიენტების ამ კატეგორიას განეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კომერციულ ბანკს სამ იურისდიქციაში, სინგაპურში, შვეიცარიასა და ბერმუდაში ედავება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე სააპელაციო სასამართლოშია და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რესტრუქტურიზაციის შედეგად ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ზარალი იწვნიოს, თუ UBS გადაწყვეტს, რომ Credit Suisse-ს პორტფელის ის ნაწილი არ შეიძინოს, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს დავა აქვს.

კომენტარები