ჰოლოდომორი

სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვენიის პარლამენტმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას სლოვენიაში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სლოვენიის პარლამენტი გმობს "გენოციდის აქტებს, რამაც მილიონობით უკრაინელის სიკვდილი გამოიწვია და დიდი ზიანი მიაყენა უკრაინელი საზოგადოების საფუძვლებს". ამავდროულად, დეკლარაცია გმობს ისტორიული ფაქტების დამახინჯების მცდელობას, რომელიც ჰოლოდომორთან არის დაკავშირებული.

ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების დეკლარაცია სლოვენიის პარლამენტმა უმრავლესობით, 67 ხმით მიიღო. დეკლარაციას მხარი მემარცხენე პარტიის გარდა, ყველა საპარლამენტო ჯგუფმა დაუჭირა. მემარცხენე პარტიის ლიდერის, მატეი ვატოვეცის შეფასებით დეკლარაცია "პოლიტიკურ აქტს" წარმოადგენს.

დეკლარაციის მხარდამჭერმა დეპუტატებმა კი აღნიშნეს, რომ დეკლარაცია ხელს უწყობს ზემოხსენებული დანაშაულის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობას გამოხატავს უკრაინელი ხალხისადმი.

ჰოლოდომორი უკვე 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული უკრაინელი ხალხის გენოციდად.

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები