დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

ტაივანის პრეზიდენტი: ომი გამოსავალი არ არის

ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინ-ვენი

20 მაისს ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა თქვა, რომ ჩინეთთან გაზრდილი სამხედრო დაძაბულობის ფონზე ტაივანის სრუტეში სტატუს-კვოს შეინარჩუნებს და ქვეყანა პრობლემას სამხედრო გზით არ გადაჭრის.

"ომი გამოსავალი არ არის. არცერთ მხარეს არ შეუძლია სტატუს-კვო ცალმხრივად შეცვალოს არასამშვიდობო საშუალებებით. მშვიდობისა და სტაბილურობის სტატუს-კვოს შენარჩუნება კონსენსუსია როგორც მსოფლიოსთვის, ასევე ტაივანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი გარშემორტყმულია საფრთხეებით, ის არავითარ შემთხვევაში არ არის საფრთხის შემქმნელი. ტაივანი დადგება დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად,, რათა მათთან ერთად განმუხტოს საფრთხე" - თქვა მან.

G7-ის სამიტის მასპინძელი ქვეყნის, იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, დიდი შვიდეული ტაივანთან დაკავშირებული საკითხების მშვიდობიან გადაწყვეტას ცდილობს. 

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს თქმით, ტაივანი ჩინეთთან კონფლიქტის გაღვივებას 2027 წლისთვის მოელის. ამის შესახებ მან LBC-ს რადიო ეთერში ისაუბრა

"ჩვენ დიდი სერიოზულობით ვუდგებით ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეს... ვფიქრობ, რომ 2027 არის წელი, რომლისთვისაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

21 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა აღნიშნა, რომ ტაივანის სრუტის ორივე მხარე ჩინეთს ეკუთვნის. 

"ისინი, ვინც ტაივანთან დაკავშირებით ცეცხლს ეთამაშებიან, საბოლოოდ თავს დაიწვავენ". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მოსაზრებას, თითქოს ჩინეთი ტაივანის სრუტეში მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს აბსურდული და სახიფათო უწოდა.

 

კომენტარები