დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

აშშ-ს საზღვაო ძალების თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის გასწვრივ გაიფრინა

U.S. Navy photo

ჩინეთის მიერ ორდღიანი მასშტაბური სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, ტაივანის სრუტის გასწვრივ აშშ-ს საზღვაო ძალების საპატრულო თვითმფრინავმა გაიფრინა.

აშშ-ს საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის თქმით, P-8A Poseidon საზღვაო საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის გასწვრივ, ფრენა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შეასრულა.

ჩინეთი სრუტეში ამერიკის სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ყოფნას ეწინააღმდეგება და თვლის, რომ მასზე პეკინის "სუვერენიტეტი, სუვერენული უფლებები და იურისდიქცია" ვრცელდება. ტაივანი და აშშ ჩინეთის ამ პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და სრუტეს საერთაშორისო წყლების ნაწილად მიიჩნევენ.

"ტაივანის სრუტეში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებით, შეერთებული შტატები ყველა სახელმწიფოს სანავიგაციო უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს". - ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრენა "ხალხისთვის საჩვენებლად" შეაფასა და დასძინა, რომ მონიტორინგისა და აშშ-ს თვითმფრინავის გაფრთხილებისთვის გამანადგურებლები ააფრინა.

"თეატრში განლაგებული ჯარები მუდმივ მზადყოფნაში არიან და ეროვნულ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ისევე როგორც რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას მტკიცედ დაიცავენ". - ნათქვამია ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ თეატრის სარდლობის მიერ WeChat-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა ოფიციალური ტაიპეიც, რომლის თქმითაც ამერიკულმა თვითმფრინავმა გაიფრინა ტაივანის სრუტის მედიანურ ხაზზე, რომელიც კუნძულოვან ქვეყანასა და ჩინეთს შორის არაოფიციალურ საზღვრადაა მიჩნეული.

ამერიკული თვითმფრინავი ტაივანის სრუტის თავზე ჩინეთის მიერ ძირითადად კუნძულის სამხრეთით წარმოებული მასშტაბური წვრთნების დასრულების შემდეგ გამოჩნდა. წვრთნები ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს დაემთხვა. ორ კვირაში სამხედრო წვრთნების დაწყებას გეგმავს ტაივანის ხელისუფლებაც.

კომენტარები