დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

ჩინეთთან კონფლიქტის გაღვივება 2027 წელსაა მოსალოდნელი – ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ
Carlos García Rawlins/Reuters

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს თქმით, ტაივანი ჩინეთთან კონფლიქტის გაღვივებას 2027 წლისთვის მოელის. ამის შესახებ მან LBC-ს რადიო ეთერში ისაუბრა

"ჩვენ დიდი სერიოზულობით ვუდგებით ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეს... ვფიქრობ, რომ 2027 არის წელი, რომლისთვისაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

21 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა აღნიშნა, რომ ტაივანის სრუტის ორივე მხარე ჩინეთს ეკუთვნის. 

"ისინი, ვინც ტაივანთან დაკავშირებით ცეცხლს ეთამაშებიან, საბოლოოდ თავს დაიწვავენ". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მოსაზრებას, თითქოს ჩინეთი ტაივანის სრუტეში მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს აბსურდული და სახიფათო უწოდა.

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, სი ძინფინგმა 2027 წლისთვის ტაივანის ანექსირებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა. თუმცა ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონფლიქტის გაღვივებას უფრო ადრეც მოელის.  


აპრილის დასაწყისში ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი სამხედრო წვრთნები ჩაატარა. მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

"წვრთნები, სახელწოდებით ერთიანი ბასრი ხმალი, მოიცავს საბრძოლო მზადყოფნას პატრულირებას და წვრთნებს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით, ზღვასა და საჰაერო სივრცეში". - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ში იიმ.

გარდა ამისა, სამხედრო წვრთნების დაწყებიდან მეორე დღეს ჩინეთმა ტაივანსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის წყლებზე ზუსტი დარტყმების სიმულაცია ჩაატარა

სამდღიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ საბრძოლველად მზად არიან

"შეიარაღებული ჯარები მზადაა, ნებისმიერ დროს იბრძოლოს "ტაივანის დამოუკიდებლობის" ნებისმიერი ფორმისა და უცხოური ჩარევის მცდელობების დასაძლევად". - ნათქვამია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

კომენტარები