იუსტიციის უმაღლესი საბჭო

წითლიძე: ჩხეიძეს 400-ზე მეტი კანონისთვის აქვს ხმა მიცემული, როცა კენჭისყრებში არ ვმონაწილეობთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ფრაქციის ყოფილ წევრ ნატო ჩხეიძეს პარლამენტში ხმა 400-ზე მეტი კანონისთვის აქვს მიცემული, მაშინ, როდესაც ენმ კენჭისყრებში არ მონაწილეობდა. 

"გუშინ ფრაქციის სხდომაზე ნატო ჩხეიძე გვიმტკიცებდა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ ნანობს რომ ხმა მისცა ქართული ოცნების კანდიდატებს ამას ამბობდა ფრაქციის ყველა წევრის თანასწრებით რის გამოც მე და ქნ ნატოს გვქონდა ძალიან ხმამაღალი შელაპარაკება და ჩხუბი.

დღეს ასევე დავინტერესდი და ამოვიღე ქალბატონი ნატოს კენჭისყრის შედეგები და აღმოვაჩინე რომ 400 მეტი კანონისთვის აქვს ხმა მიცემული მაშინ როდესაც ჩვენ კენჭისყრებში არ ვმონაწილეობთ და ესეც ჩვენი ბრალია ქართული ოცნების 461 კანონს ხმა რომ მისცა?" - წერს ანა წითლიძე. 

ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის თქმით, 17 მაისს ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგის დროს ახსენეს, რომ საერთო "ჩათში" იუსტიციის საბჭოს წევრობის ოთხ კანდიდატზე შეთანხმდნენ, თუმცა, ჩხეიძის მტკიცებით, ენმ-მ მეხუთე გვარი -  ნიშნიანიძე დაივიწყა. ჩხეიძის თქმით, მას კითხვები ექნება ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. დეპუტატმა მოუწოდა ჟურნალისტებს, შეკითხვა დაუსვან ლევან ბეჟაშვილს - "როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო". 

17 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

მალევე რუსთავი 2-მა, იმ სავარაუდო ოპოზიციონერი დეპუტატების სია გამოაქვეყნა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი იყვნენ. ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვესსაგანგებო ბრიფინგზე მაჭუტაძემ თქვა, რომ "ეს იყო მისკომუნიკაციის ბრალი".

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, ლევან ბეჟაშვილმა 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის საერთო "ჩათში" საგანგებოდ დაწერეს ოთხი პირის გვარი, რომლებისთვისაც უნდა მიეცათ ხმა და არცერთი სხვა კანდიდატის მიმართ არ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას ისინი არ ეთანხმებოდნენ და ამის შესახებ მათმა კოლეგებმაც იცოდნენ. 

"7-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარადგინოს და დანიშნოს არამოსამართლე წევრები. 7 თვე ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ არ დავეთანხმეთ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და არ დავუჭერდით არცერთ კანდიდატს მხარს. საუბარი იყო მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც არასამთავრობო და აკადემიურ წრეებს წარმოადგენდნენ და კენჭისყრამდე საგანგებოდ ოთხი გვარი ჩათში ჩაიწერა. მხოლოდ ამ ოთხი კანდიდატის მიმართ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა".- განაცხადა ბეჟაშვილმა. 

დღეს, 18 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს უყარეს კენჭი. მეორე ტურში წარმოდგენილი ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დამატებითი კონსულტაციებს გაივლიან და ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება. 

 

კომენტარები