იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ფრაქციას, ენმ - ძალა ერთობაშია, ტოვებს ბაჩუკი ქარდავაც

rustavi2

ფრაქციას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია, ტოვებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერიც, ბაჩუკი ქარდავა. ამის შესახებ ქარდავა საკუთარ Facebook-გვერდზე წერს და ჟურნალისტებთან საუბარშიც აღნიშნა. 

"გარიცხვაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება, ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დიდი ხნით ადრე, პირადად ჩემგან იცოდნენ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისე, რომ ამას ოპოზიციური ერთობისთვის ხელი არ შეეშალა. იმის გამო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება მათ მაინცდამაინც მისაღებად არ მიაჩნდათ , მე არ ვჩქარობდი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა". – წერს ქარდავა. 

ჟურნალისტებთან საუბარში ქარდავამ თქვა, რომ "ის, რაც მოჰყვა" კენჭისყრას, "ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში". მან დაამატა, რომ იყო და დარჩება იმის მომხრე, რომ ქართული ოცნების დამარცხებისთვის გადამწყვეტია ოპოზიციის ერთობა. ბაჩუკი ქარდავა უარყოფს მმართველ პარტიასთან გარიგებას. მისი თქმით, მთელი თავისი საქმიანობა მიუძღვნა საქართველოში რუსული საქმის გამკეთებლებთან ბრძოლას.

ქარდავა საკუთარ პოსტში ასევე წერდა, რომ კენჭისყრაზე ოპოზიციონერ ლიდერებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად რამდენიმე კანდიდატზე ხმის მიცემა "დასაშვებად მიაჩნდათ", მაგრამ პროცესის ბოიკოტირებაზე საუბარი არ ყოფილა. მან არ დაასახელა კონკრეტული ვინაობები, თუმცა აღნიშნა, რომ "დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა".

"არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ შეესაბამება სიმართლეს, ამ კენჭისყრასა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მითუმეტეს, კომუნიკაცია არც ადრე , არც დღეს და არც ბოლო პერიოდში არ მქონია ქართულ ოცნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი, მხარეებს შორის თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებულთა შორის, კომუნიკაციის აუცილებლობას, იმ ვითარებაში, როცა ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებ, აქ ღრმა თანამშრომლობას გამოვრიცხავ! ისიც ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი დღევანდელი მოვლენების იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარი შეთანხმება, ავადსახსენებელ საბჭოში, ოპოზიციისთვის ადგილის დათმობისა. „ოცნება“ კვლავაც ხელისგადაგრეხვის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთბვისაც მხოლოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. იყო ნახსენები სხვადასხვა გვარები, ვიზედაც ხმის მიცემა დასაშვებად მიაჩნდათ სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს, მაგრამ საუბარი კენჭისყრის ბოიკოტირებაზე იმ წუთამდე, სანამ შევწყვიტეთ კენჭისყრა და დავტროვეთ დარბაზი არ ყოფილა. როგორც კი ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია შედეგს იმ კომუნიკაციაში, რომელშიც მე არ ვიღებდი მონაწილოებას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, მე შევწყვიტე კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ დავტოვე დარბაზი". – წერს ქარდავა. 


პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ გაარკვიეს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

ნიკა მაჭუტაძემ, ასევე ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვეს. ამის შესახებ მაჭუტაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ, დეპუტატები, ბატონი როსტომ ჩხეიძე, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც ვართ არჩეული საქართველოს პარლამენტში მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის პარტიული სიით და ვიყარეთ კენჭი ბლოკით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას, სახელწოდებით - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და რა საკვირველია, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სუბრობდნენ დამალვაზე და გარკვეულ ბრალდებებს წამოგვიყენებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, უარვყოფთ". - აღნიშნა მაჭუტაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლის არჩევის დროს ოპოზიციის 5 დეპუტატის მიერ ქართული ოცნების კანდიდატისთვის ხმის მიცემას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და გაემიჯნა.

კომენტარები