იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მაჭუტაძე: ვაღიარებ, ეს ჩვენი პოლიტიკური შეცდომაა, არავისთან არ გავრიგებულვართ

ტაბულა

დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე, რასაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის 5-მა დეპუტატმა. 

მაჭუტაძის  თქმით, ეს იყო მისკომუნიკაციის ბრალი და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არამოსამართლე წევრების არჩევას, ეგონათ, რომ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციაში რაოდენობრივი კონსენსუსი იყო. 

"ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა მოდელებსა და ფორმულებზე. მათ შორის იყო (5 ასარჩევი არამოსამართლე წევრიდან) ახალ, ასარჩევ კანდიდატებს შორის განაწილება 3/2-ზე, იყო ფორმულა 4/1-ზე, რომელიც ყველაზე აქტუალური იყო, სხვათა შორის. საკითხის კონსენსუსით გადაწყვეტას ითვალისწინებდა ევროეკომენდაციების დღის წესრიგი. ამ პარლამენტში, ჩვენ ყველ შემთხვევაში, არ გაგვიგია, რომ კონსენსუსს სხვაგვარად უყურებდნენ, თუ არადა, გადანაწილებას ე.წ. ოპოზიციური კვოტისას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ოპოზიციური კვოტა. [...] ჩვენ ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, ოღონდ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა არ ვიყავით ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ვიცოდით, რომ საკითხი აქეთ უნდა წასულიყო. ოპოზიციისთვის გარკვეული მისაღები კანდიდატურები ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად გავიარეთ... ამასთან ერთად, საზოგადოების რეაქციასთან ერთად, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ შესაძლოა, ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო, რასაკვირველია, ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც ჩვენ გვქონდა. არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმა არავის არ მივცეთ. ასეთი შეთანხმება არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები და არც ინფორმირებულები ვიყავით". – ამბობს მაჭუტაძე.

მაჭუტაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო შეცდომა და არანაირ გარიგებას მმართველ პარტიასთან ადგილი არ ჰქონია.

"როგორც კი ამაზე ატყდა ამბავი და ჩვენ დავინახეთ, რომ საერთო ოპოზიციური აზრი იყო სხვაგვარი, მაშინვე შევწყვიტეთ ეს პროცესი, იმ წუთას გამოვედით სხდომათა დარბაზიდან. სრული პასუხისმგებლობითა და პატიოსნებით ვამბობ ამას. [...] რასაკვირველია არ გავრიგებულვართ არავისთან. იცის ეს ღმერთმა და იცოდნენ ეს ადამიანებმაც. მეთვითონ აღმოვჩნდი რთულ მდგომარეობაში, ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური შეცდომა, მაგრამ გამოწვეულია ისეთი აბსურული". – თქვა მაჭუტაძემ.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ გაარკვიეს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, ნიკა მაჭუტაძემ მას დაუდასტურა, რომ ხმა მისცა.

კომენტარები