რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: მოლოდინები ჩვენი კონტრშეტევის შესახებ გადაჭარბებულია

ოლეკსი რეზნიკოვი
REUTERS/Murad Sezer

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, მოლოდინები უკრაინის კონტრშეტევის შესახებ გადაჭარბებულია. მან აღნიშნა, რომ ამ მოლოდინებმა შესაძლოა ბევრში ემოციური იმედგაცრუება გამოიწვიოს. ამის შესახებ რეზნიკოვმა The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მოლოდინები ჩვენი კონტრშეტევის შესახებ სამყაროში გადაჭარბებულია. ადამიანთა უმრავლესობა რამე ძალიან დიდს ელოდება". – ამბობს რეზნიკოვი.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთმა, როგორც ჩანს, პრიორიტეტები შეცვალა და ბახმუტის აღების მცდელობის ნაცვლად მოსალოდნელი უკრაინული კონტრშეტევისგან თავდაცვისთვის მომზადებას აპირებს.  ISW ამის შესახებ ინფორმაციას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით ავრცელებს, სადაც პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები ქალაქ ბახმუტს 10 მაისისთვის დატოვებენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, კრემინას ტერიტორიასა და დონეცკის მახლობლად ძალზე შეზღუდული და ლოკალიზებული თავდასხმების გარდა, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები მთელს ტერიტორიაზე ძირითადად შეწყვიტეს, რაც, სავარაუდოდ, თავდაცვაზე გადასვლას ნიშნავს. ISW წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის საბრძოლო მასალისა და მარაგების შენახვა ოპერატიულად სწორი გადაწყვეტილება იქნება, რათა უკრაინის კონტრშეტევისთვის მოემზადოს, და პრიგოჟინის სასოწარკვეთილი განცხადებები, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სწორედ ამას აკეთებს.

ასევე, CIA-ის ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი უკრაინელების კონტრშეტევა მაისში იგეგმება.

"[უკრაინული არმია] დროთა განმავლობაში აღიჭურვება დასავლური ტანკებით, დასავლური ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, დასავლური ჯავშანტექნიკით, და 2023 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, იქნება უკრაინელების მასშტაბური კონტრშეტევა. დიდი ალბათობით სამხრეთში. ეს, ალბათ, დაახლოებით მელიტოპოლის ზონა უნდა იყოს და ისინი [უკრაინელები] შეეცდებიან კომუნიკაციების სახმელეთო ხაზის გაწყვეტას, რომელიც რუსეთს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ყირიმთან აკავშირებს." - ამბობს პეტრეუსი.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

თუმცა, 7 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსი ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რომ მან მიიღო საბრძოლო ინსტრუქცია, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის ჯარისკაცები მიიღებენ იმდენ საბრძოლო მასალასა და იარაღს, რამდენადაც შემდგომი ოპერაციებისთვის დასჭირდებათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმა თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს გეგმების შეცვლას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს და შეტევითი ოპერაციები გააგრძელოს

სირსკის თქმით, ბოლო დღეებში რუსებმა მძიმე შეიარაღებით დაბომბვის ინტენსივობა გაზარდეს, მოწინავე ტექნიკის გამოყენება დაიწყეს და ჯარები გადააჯგუფეს.

მაგრამ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი მებრძოლების აქტიური მოქმედებების წყალობით, მტერი დასახული მიზნების მიღწევას ვერ ახერხებს.

კომენტარები