რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსში აეროპორტს თავს СБУ-ს აგენტები ბრძანების დაუმორჩილებლად დაესხნენ – The Economist

რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 მაჩულიშჩის აეროდრომზე
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო

როგორც გამოცემა The Economist-ი სავარაუდოდ პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, 26 თებერვალს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები (СБУ) მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბელარუსში მოქმედი საკუთარი აგენტები არ დაემორჩილნენ მათ ბრძანებებს და მაჩულიშჩის აეროპორტში განთავსებულ რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს თავს დაესხნენ.

The Economist-ი წერს, რომ გავრცელებული ფაილების მიხედვით, ამ საკითხზე საუბრობდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მაღალჩინოსნები, ამერიკელი ჯაშუშები კი მათ უსმენდნენ.

26 თებერვალს გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბელარუსში მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქების ხმები ისმოდა და დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50. 

ოპოზიციური ბელარუსის უშიშროების ძალების ასოციაციის (BYPOL) წარმომადგენელმა ალექსანდრ აზაროვმა შემდეგ თქვა, რომ ამ შემთხვევის უკან ბელარუსი პარტიზანები იდგნენ. მისი თქმით, შესაძლო დივერსიის მონაწილეებმა ბელაურის დატოვეს და უსაფრთხოდ არიან.

თავდაპირველად ბელარუსმა მომხდარი აფეთქებები და რუსული თვითმფრინავი დაზიანება უარყო და გაავრცელა კადრები, რომლებშიც თითქოს დაუზიანებელი А-50 ჩანს. თუმცა ბელარუსული ოპოზიციური მედიასაშუალებების დაუდასტურებელი ცნობებით, თვითმფრინავი მაჩულიშჩიდან რუსეთში სარემონტოდ გაფრინდა.

BYPOL-მა გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ჯდება დრონი სავარაუდოდ მაჩულიშჩის აეროდრომზე განთავსებულ სადაზვერვო А-50 ტიპის რუსულ თვითმფრინავზე.

7 მარტს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ინფორმაცია თავდასხმისა და თვითმფრინავის მცირე დაზიანების შესახებ პრაქტიკულად დაადასტურა და თქვა, რომ დააკავეს უკრაინულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული "ტერორისტი" და მისი თანამზრახველები.

ლუკაშენკოს მტკიცებით, თავდასხმა მარტამდე 6-8 თვის წინ, კიევში დაიგეგმა და მასში СБУ და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მუშაობდა. 

კომენტარები