რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მაჩულიშჩის აეროდრომს 2 კვირა სამოქალაქო დრონებით ზვერავდნენ" – BYPOL-ი კადრებს აქვეყნებს

BYPOL-ის გავრცელებულ კადრებში გამოჩენილი А-50.

ოპოზიციურმა ბელარუსის უშიშროების ძალების ასოციაციამ (BYPOL) გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ჯდება დრონი სავარაუდოდ მაჩულიშჩის აეროდრომზე განთავსებულ სადაზვერვო А-50 ტიპის რუსულ თვითმფრინავზე, რომელზეც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 26 თებერვალს თავდასხმა სცადეს. 

BYPOL-ის მტკიცებით, ბელარუსი პარტიზანები ორი კვირის განმავლობაში აეროდრომს სამოქალაქო დრონებით ზვერავდნენ და ერთ-ერთ მისიაზე აპარატი А-50-ის რადიოლოკატორზეც დასვეს.

"აბა, როგორ გამოიჩინა თავი ნაქებმა დრონებთან საბრძოლო საშუალებამ, რომლის შემუშავებასა და წარმოებაზე ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი რუბლი დაიხარჯა? პასუხი ცხადია - ვერანაირად. აცნობეს ამის შესახებ თვითგამოცხადებულ ლიდერს? რა თქმა უნდა, არა". – წერს BYPOL-ი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

26 თებერვალს გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბელარუსში მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქების ხმები ისმოდა და დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50. 

BYPOL-ის წარმომადგენელმა ალექსანდრ აზაროვმა შემდეგ თქვა, რომ ამ შემთხვევის უკან ბელარუსი პარტიზანები იდგნენ. მისი თქმით, შესაძლო დივერსიის მონაწილეებმა ბელაურის დატოვეს და უსაფრთხოდ არიან.

დამოუკიდებელი წყაროებით А-50-ის დაზიანება არ დასტურდება.

ბელარუსმა მომხდარი აფეთქებები და რუსული თვითმფრინავი დაზიანება უარყო და გაავრცელა კადრები, რომლებშიც თითქოს დაუზიანებელი А-50 ჩანს. თუმცა ბელარუსული ოპოზიციური მედიასაშუალებების დაუდასტურებელი ცნობებით, თვითმფრინავი მაჩულიშჩიდან რუსეთში სარემონტოდ გაფრინდა.

კომენტარები