კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

პარლამენტის ორმა კომიტეტმა რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

ტაბულა

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტები საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების სხდომაზე განიხილეს.   

სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა - პარლამენტში რუსულ კანონს ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. მათ განხილვაზე მიმავალი დეპუტატები შეძახილებით გააცილეს. 

აქცია გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს გარეთაც - აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წევრებმა შეკრება პარლამენტის წინ დაიწყეს, შემდეგ კი, სხდომის დასრულების მოახლოებისას, მის გასასვლელებში გადაინაცვლეს, რათა "სირცხვილის დერეფნები" გაეკეთებინათ. ადგილზე პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. ბოლო მონაცემებით, დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით დაკავებულია 4 ადამიანი.  


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები