კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ბეჟაშვილი: გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას რუსული გავლენების აგენტების რეესტრი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "უცხოური აგენტების" კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. 

ბეჟაშვილის თქმით, ენმ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "რუსული გავლენების აგენტების რეესტრი", რომლის მიზანიც რუსეთიდან დაფინანსებული ადამიანებისა და ორგანიზაციების გამოვლენა იქნება.

"ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სულისკვეთებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას  "საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრი". რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები,  რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში". – ამბობს ბეჟაშვილი.

ასევე, ბეჟაშვილი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეუჩერონ საპარლამენტო დელეგაციის წევრობა იმ დეპუტატებს, რომლებიც "უცხოური აგენტების" შესახებ კანონს დაუჭერს მხარს. ამავდროულად, ენმ ითხოვს, ევროპარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გარიცხონ ჯგუფებიდან მათი წევრი ქართული პარტიები, რომელთა დეპუტატებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს. დაბოლოს, ბეჟაშვილის თქმით, ამ კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებსა და მათ ოჯახის წევრებს დაუწესდეთ სავიზო შეზღუდვები აშშ-სა და ევროკავშირში და ასევე მოხდეს მათი საბანკო ანგარიშების გაუქმება. 


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

 

კომენტარები