ფეხბურთი

ჩეხეთის ნაკრების და პრაღის სპარტას ფეხბურთელმა, იაკუბ იანკტომ ღიად თქვა, რომ გეია

ჩეხეთის ნაკრებისა და პრაღის სპარტას ფეხბურთელი, იაკუბ იანკტო ყველაზე ცნობილი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე ღიად ისაუბრა. 27 წლის ნახევარმცველმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სპორტსმენი ამბობს, რომ გეია.

"გამარჯობა, მე იაკუბ იანკტო ვარ. როგორც ყველას, მეც მაქვს ჩემი ძლიერი მხარეები და სისუსტეები, მყავს ოჯახი და მეგობრები. მაქვს საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში იმდენად კარგად ვაკეთებდი, რამდენადაც შემეძლო – სერიოზულობით, პროფესიონალიზმით და ენთუზიაზმით. როგორც ყველას, მეც მსურს, რომ ჩემი ცხოვრება გავატარო თავისუფლებაში, შიშის, ზიანის მიყენებისა და ძალადობის გარეშე – სიყვარულით. მე ჰომოსექსუალი ვარ და აღარ მსურს საკუთარი თავის დამალვა". - ამბობს იანკტო ვიდეომიმართვაში.

ვიდეოს გავრცელებისთანავე პრაღის სპარტამ ფეხბურთელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

"გარკვეული ხნის წინ იაკუბი ღიად გვესაუბრა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. სხვა ყველაფერი მის პირად ცხოვრებას ეხება. დამატებით კომენტარს არ გავავრცელებთ და დამატებით კითხვებს არ ვუპასუხებთ. შენ ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვს. იცხოვრე შენი ცხოვრებით იაკუბ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა". - წერია კლუბის განცხადებაში.

გარდა ამისა, იანკტოს მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნა არაერთმა საფეხბურთო კლუბმა, ასევე საფეხბურთო ორგანიზაციებმა ფიფამ და უეფამ.

იანკტო პრაღის სლავიას სკოლის აღზრდილია, პროფესიონალური კარიერა კი ნახევარმცველმა იტალიურ უდინეზეში დაიწყო, სხვადასხვა წლებში ის გენიუს სამპდორიასა და ესპანურ ხეტაფეშიც თამაშობდა. იანკტოს ამ დრომდე ჩეხეთის ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული.


2021 წელს ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ჯოშ კავალიომ საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე ისაუბრა, იმ დროს ერთადერთი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო ვინც მსგავსი განცხადება გაავრცელა. 2022 წელს კი სექსუალურ ორიენტაციაზე ინგლისის რანგით მეორე ლიგის კლუბის, ბლექპულის ახალგაზრდა ფორვარდმა, ჯეიკ დენიელსმა ისაუბრა.

2013 წელს კი საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე ორმა ცნობილმა ფეხბურთელმა, რობი როჯერსმა და თომას ჰიცლშპერგერმა ისაუბრეს. თუმცა, ორივე შემთხვევაში სპორტსმენებს აქტიური საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ როჯერსმა განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე თვეში კარიერა განაახლა და აშშ-ის უმაღლეს ლიგაში რამდენიმე სეზონი გაატარა.

კომენტარები