ფეხბურთი

ჯოშ კავალიო ერთადერთი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც ღიად თქვა, რომ გეია

21 წლის ავსტრალიელი ფეხბურთელი, ჯოშ კავალიო ერთადერთი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც დაქამინგაუთდა. ახალგაზრდა მარცხენა მცველმა განცხადება Twitter-ის საშუალებით გაავრცელა, შემდეგ კი მისმა კლუბმა, ადელაიდა იუნაიტედმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც სპორტსმენმა ღიად თქვა, რომ გეია.

"მე ვარ ფეხბურთელი და მე ვარ გეი. ვფიქრობდი, რომ ბავშვობის ოცნების ასრულებისთვის, ეს უნდა დამემალა. მეშინოდა, რომ ვერ მოვახერხებდი მეთამაშა ფეხბურთი და პარალელურად, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. მხოლოდ ის მინდა, რომ ფეხბურთს ვთამაშობდე და თანასწორად მეპყრობოდნენ. ორმაგი ცხოვრება ძალიან დამღლელია, ქამინგაუთისთვის დიდი გზის გავლა დამჭირდა, ახლა კი ბედნიერი ვარ. ჩემს სექსუალობას 6 წლის განმავლობაში ვებრძოდი, ამაყი ვარ, რომ ეს წარსულში დავტოვე". - ამბობს კავალიო ვიდეოში.

ჯოშ კავალიო ერთადერთი უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელია, რომელი აქტიური კარიერის პარალელურად დაქამინგაუთდა. 2019 წელს მსგავსი განცხადება, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ენდი ბრენანმა გაავრცელა, თუმცა ბრენანი იმ დროს ავსტრალიის რიგით მეორე ლიგაში თამაშობდა და ახლაც ერთ-ერთი ნახევრად-პროფესიონალური კლუბის რიგებში ირიცხება.

2013 წელს კი საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე ორმა ცნობილმა ფეხბურთელმა, რობი როჯერსმა და თომას ჰიცლშპერგერმა ისაუბრეს. თუმცა, ორივე შემთხვევაში სპორტსმენებს აქტიური საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ როჯერსმა განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე თვეში კარიერა განაახლა და აშშ-ის უმაღლეს ლიგაში რამდენიმე სეზონი გაატარა.

კომენტარები