მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნადირაძე: რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუ საჭირო გახდება, არ ვიტყვით უარს

"რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს" - ამის შესახებ კლინიკა ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე თქვა. 

"დღეს დილიდან დედაც ჰყავდა, ორი ადვოკატიც, კიდევ ორს ელოდება, მე მგონი. პაციენტი იმყოფება ისევ თავის პალატაში... თუ საჭირო გახდება, არც მაგაზე ვიტყვით უარს, ჩვენ გამოდივართ მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე" - ამბობს ნადირაძე TV იმედთან სატელეფონო საუბარში.

დღეს, 31 იანვარს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში "ამ წუთებში" გადაჰყავდათ.  

"ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ. მის პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, ამ წუთას გამოვედი. ბატონი ზურაბ ჩხაიძეც საქმის კურსშია. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ის კრიტიკულ ზღვარზეა. მისი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდეს და ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, რეანიმაციული პალატა მზადდება, რომ სააკაშვილს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ის კლინიკიდან არ გაჰყავთ, ამ შენობაშივე იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.". - თქვა ჩალაძემ კლინიკა ვივამედთან ჟურნალისტებთან საუბარში.

იქამდე, განცხადება გააკეთა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც. მან თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. ჩხაიძემ ასევე თქვა, რომ კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის PCR ტესტის პასუხი უკვე უარყოფითია. ვივამედის კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ გუშინ გადამოწმდა სააკაშვილის სხვადასხვა ლაბორატიული ანალიზები და მისივე თქმით, ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.

კომენტარები