რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს ეშინია, რომ დასავლეთი უკრაინას ახალი ტანკებისთვის ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს

ფინეთის შეიარაღებული ძალების Leopard 2, Arrow 22-ის წვრთნები.
Heikki Saukkomaa/Lehtikuva/AFP via Getty Images

ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მოლაპარაკებებზე რუსეთი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა თქვა, რომ თუ დასავლეთი საკუთარი ტანკებისთვის უკრაინას ურანის შემცველ ჭურვებს მიაწვდის, ამას ბინძური ბომბის გამოყენებად ჩათვლიან.

გავრილოვი გულისხმობს გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს, რომლებიც ჯავშნის მარტივად გასახვრეტად გამოიყენება. მსგავსი საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ არავის უსაუბრია. ურანის შემცველობის მიუხედავად, მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგნენ. მათი ნარჩენების რადიაციული გამოსხივების სიხშირე დაბალია, თუმცა, სახვადასხვა კვლევებით, მსგავსი შეიარაღება მაინც იწვევს რადიაციული ფონის ზრდას. აშშ და NATO-ს მოკავშირეები გაღარიბებულ ურანის საბრძოლო მასალას იყენებდნენ ერაყსა და იუგოსლავიის ომებში. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ საბრძოლო მასალას უკრაინას ჯერჯერობით არავინ ჰპირდება და უცნობია რა სახის ჭურვებს მიიღებს კიევი, რუსეთი აცოცხლებს ე.წ. "ბინძური ბომბის" პროპაგანდისტულ სცენარს.

"ვაფრთხილებთ კიევის საომარი მანქანის დასავლელ სპონსორებს, რომ არ წაახალისონ ბირთვული პროვოკაცია და შანტაჟი. ჩვენთვის ცნობილია, რომ Leopard 2-ის ტანკისთვის, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანების Bradley-სა და Marder-ის შეიარაღებისთვის არსებობს ქვეკალიბრის ჯავშანგამჭოლი ჭურვები, რომელთაც ურანის გული აქვთ. მათი გამოყენება ადგილობრივთა დაავადებას იწვევს, როგორც ეს იუგოსლავიასა და ერაყში მოხდა. კიევისთვის, NATO-ს მძიმე სამხედრო ტექნიკისთვის მსგავსი ჭურვების მიწოდების შემთხვევაში, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ბინძურ-ბირთვული ბომბის გამოყენებას, რასაც ყველა შემდეგი შედეგი მოჰყვება". – თქვა რუსეთის დელეგაციის მეთაურმა ეუთო-ს ფორუმის ფარგლებში. 

ე.წ. ბინძურ ბომბს უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული ნარჩენების გაერთიანებით შექმნილი. მოსკოვმა ამ იარაღთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 23 ოქტომბერს თქვა, რომ უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას აპირებდა.

შოიგუს ბრალდებას აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სიცრუე უწოდეს. როგორც პენტაგონში აღნიშნეს, მათ რუსეთი გააფრთხილეს კიდეც, რომ “ბინძური ბომბის” აფეთქებას შედეგები მოჰყვებოდა.

25 იანვარს გერმანიამ საბოლოოდ გამოაცხადა, რომ უკრაინას Leopard 2A6 ტიპის 14 ტანკს გადასცემდა, ასევე, ნებას მისცემდნენ პარტნიორ ქვეყნებს, რომ საკუთარი წარმოების ლეოპარდები კიევისთვის გადაეცათ. გერმანული ტანკების კიევისთვის გადაცემის ნებართვა ბერლინს უკვე სთხოვა პოლონეთმა.

25 ნოემბრისთვის, Associated Press-ის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ელიან, რომ აშშ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის 30-ზე მეტი ტანკის გადაცემას გამოაცხადებს.

კომენტარები