რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი საჰაერო-ტაქტიკური წვრთნები დაიწყეს

რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35 ბელარუსში, ბრესტის ბაზაზე მონაწილეობს რუსეთი-ბელარუსის ერთობლივ წვრთნებში. 2022, თებერვალი.
mil.ru

ბელარუსში სამოკავშირეო სახელმწიფოს, ანუ რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი საჰაერო-ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. ვარჯიშებში მონაწილეობას ორივე ქვეყნის საჰაერო ძალების წარმომადგენლები იღებენ.

როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო წერს, სწავლების მთავარი მიზანი დავალებების შესრულების დროს ოპერატიულობის, ურთიერთქმედების ამაღლებაა.

ბელარუსის თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნების ფარგლებში იგეგმება საჰაერო დაზვერვის, სახელმწიფო საზღვართან ერთობლივი საჰაერო პატრულირების, დესანტის გადასხმის, ტვირთის გადატანისა და დაჭრილთა გადაყვანის დამუშავება.

წვრთნების დასრულება 1-ელ თებერვალს იგეგმება.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს 9 იანვრის ცნობით, სწავლებების დროს გააქტიურებული იქნება ბელარუსის საჰაერო ძალების ყველა აეროდრომი და პოლიგონი, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამხედროების დანაყოფები.

ამას გარდა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსი სამხედროები და გამოაცხადებული აქვთ ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო ჯგუფის შექმნა, სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში.

უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გასულ თვეში არ გამორიცხა, რომ რუსეთი კიევის მიმართულებით ბელარუსიდან ახალ თავდასხმას წამოიწყებდა.

კომენტარები