რუსეთ-უკრაინის ომი

ISW: ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინის განცხადება უკრაინის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად

ვლადიმირ პუტინი, 2022 წლის 21 დეკემბერი, თავდაცვის სამინისტროს სხდომა.

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 5 იანვრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული ძალები მართლმადიდებლური შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 36 საათით ცეცხლს შეწყვეტენ, სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც უკრაინის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.

ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის მიერ რელიგიურ ნიადაგზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება რუსულ საინფორმაციო ოპერაციას აძლიერებს, რომელიც უკრაინას რელიგიური ჯგუფების დამთრგუნველს, ხოლო პუტინს ქრისტიანული რწმენის ნამდვილ მფარველად წარმოაჩენს.

"პუტინს არ შეუცვლია თავისი მაქსიმალისტური მიზნები უკრაინაში. რუსული ძალები სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად შეზღუდულ კონტრშეტევებს აგრძელებენ, რომლებსაც უკრაინული ძალებიც კონტრშეტევებით პასუხობენ". - ნათქვამია ISW-ს ანგარიშში.

ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს მაშინ, როდესაც რუსეთის ძალებმა ბახმუტისა და დონეცკის დასავლეთით შეტევითი ოპერაციები გააგრძელეს. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

კომენტარები