რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, მათმა ჯარებმა ხერსონის მარჯვენა სანაპირო სრულად დატოვეს

რუსი ოკუპანტი ხერსონში, ფონზე ე.წ. გამარჯვების დროშა
(Konstantin Mihalchevskiy/Sputnik)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სრულად გადავიდნენ და მარჯვენაზე მათი ნაწილები აღარაა დარჩენილი. 

"მარჯვენა სანაპიროზე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების არცერთი ერთეული არაა დარჩენილი... რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა და სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს, საინჟინრო თვალსაზრისით, წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ხაზები და პოზიციები". – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა თქვა, რუსეთი ხერსონიდან ძალებს სრულად 1-2 დღეში ვერ გაიყვანდა და ამას, მინიმუმ, ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდა. უკრაინის მთავრობა და შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის დატოვებას ფრთხილად უდგება და დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პოზიციების დაკავებას არ ჩქარობენ.


9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა კომენტარი, თქვა, რომ "ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს" და ხალხს ემოციების თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები