რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: რუსეთის ხერსონიდან ევაკუაცია აჩვენებს, რომ მათ რეალური პრობლემები აქვთ

REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებით, რუსეთის ხერსონიდან ევაკუაცია აჩვენებს, რომ მათ სამხედრო ძალასთან დაკავშირებული "რეალური პრობლემები აქვთ".  

ბაიდენის შეფასებით, საინტერესოა, რომ რუსეთი აშშ-ს კონგრესის არჩევნების დასრულებას დაელოდა, რათა სამხედროების გაყვანის შესახებ გამოეცხადებინა.  

"ეს იმ ფაქტის მტკიცებულებაა, რომ მათ რუსულ სამხედრო ძალასთან დაკავშირებით რეალური პრობლემები აქვთ". - ამბობს ბაიდენი. 

ბაიდენის სიტყვებით, ეს ფაქტი ორივე მხარეს მისცემს საშუალებას, საკუთარ პოზიციებს გადახედონ, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის.  

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა.  

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა, უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. 

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები