რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ხერსონზე: ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის განცხადებაზე, რომ ქალაქ ხერსონს ტოვებენ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო.

ზელენსკის მიხედვით, უკრაინის ძალები სამხრეთით ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრიერიშის დანაკარგები მინიმალური იყოს, რადგან მოწინააღმდეგე ბრძოლის გარეშე წასვლას არ აპირებს.

"ახლა დონეცკის ოლქში ყველაზე დიდი დაპირისპირებაა... ვდგავართ, არაფერს ვთმობთ... სამხრეთით ოდნავ მივიწევთ, პოზიციებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმყარებთ. საინფორმაციო სივრცეში დღეს ძალიან დიდი სიხარულია და გასაგებია რატომაც. თუმცა, ომის დროს ჩვენი ემოციები მუდამ თავშეკავებული უნდა იყოს.

მტერს ჩვენი ოპერაციის ყველა დეტალს ნამდვილად არ მივაწვდი. იქნება ეს სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ სადმე სხვაგან, როცა ჩვენი შედეგი იქნება, ამას ყველა დაინახავს. აუცილებლად. შესაძლოა ეს ვიღაცის მოლოდინების შესაბამისად არ ჟღერდეს. შეიძლება ისე [არ ჟღერდეს], როგორც სიახლეებშია. მაგრამ საჭიროა გვესმოდეს: ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს. მტერი ჩვენ საჩუქრებს არ გვიკეთებს, არ გვიკეთებს "კეთილი ნების გამოხატულებებს". ჩვენ ამ ყველაფერს ბრძოლით დავიბრუნებთ". – თქვა ზელენსკიმ. 

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. 

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები