რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პრიგოჟინი პარალელურ სამხედრო სისტემას აყალიბებს, რაც შეიძლება პუტინისთვის საფრთხე იყოს

Misha Japaridze/AP

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ორგანიზაციის, ომის კვლვევის ინსტიტუტის (ISW) 24 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფინანსებელი, ევგენი პრიგოჟინი ძალაუფლების მოხვეჭას განაგრძობს და რუსეთის შეიარაღებული ძალების პარალელურ სამხედრო სტრუქტურას აყალიბებს, რამაც, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მმართველობას საფრთხე შეუქმნას, მინიმუმ, საინფორმაციო სივრცეში.

ISW-ს ანგარიშში აღნიშნულია რუსი სამხედრო ბლოგერის ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი აფინანსებს ვაგნერის ჯგუფზე დაფუძნებული მოხალისეობრივი ბატალიონის შექმნას, რომელსაც რეკრუტირებას რუსი ომის დამნაშავე და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი აგენტი, იგორ გირკინი (სტრელკოვი) გაუწევს.

გირკინი რუს ულტრამემარჯვენეებს შორის საკმაოდ ცნობილი ფიგურაა და უკრაინაში რუსეთის ჯარის წარუმატებლობებს ხშირად აკრიტიკებს. ის მონაწილეობდა 2014 წლის ყირიმის უკანონო ანექსიაში, ასევე დონბასში დაწყებულ ომში. ISW საკუთარ ანგარიშში ეყრდნობა რუს სამხედრო ბლოგერს და წერს, რომ გირკინს რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია რაც მოხალისეობრივი ბატალიონის შექმნაში ხელს უშლიდა. რაც შეეხება პრიგოჟინს, ვაგნერის ჯგუფის საშუალებით, შეუძლია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან დამოუკიდებლად იმოქმედოს.

ISW-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ პრიგოჟინს, რუსეთის დამცირებულ სამხედრო სარდლობასთან შედარებით, სახელმწიფო სისტემასა და საინფორმაციო სივრცეში უპირატესობა აქვს, რაც მას გავლენის ზრდის საშუალებას აძლევს. მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი თავისა და ძალების რეკლამირება, პარალელირად კი კრემლის წარმომადგენლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების კრიტიკა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ის ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს.

ISW-ს ანგარიშის მიხედვით, პუტინი ბახმუტში ვაგნერის ძალებზეა დამოკიდებული და, სავარაუდოდ, პრიგოჟინის დაშოშმინებას ეცდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი რუსეთის კონვენციურ სამხედრო სტრუქტურას ძირს უთხრის.

ISW-ს მოჰყავს მაგალითი, როდესაც პრიგოჟინმა თქვა, რომ ის ფრონტზე "ვაგნერის ხაზის" შექმნას ცდილობს, რათა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავი დაცულად იგრძნო "ვაგნერის ზურგს უკან დამალვით". 

ამას გარდა, ISW-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა და პრიგოჟინმა რუსეთის სარდლობა ერთად გააკრიტიკეს, რამაც ყურადღება მიიქცია, ბიზნესმენი ჩეჩნეთის მმართველს შესამჩნევად ჩამოშორდა. ISW-ს შეფასებით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ კადირობი გავლენას კარგავს და ჩეჩნეთზე ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, მისი ხალხის ომის მიმართ უკმაყოფილების გამო.

ასევე, ანგარიშში ნახსენებია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კრემლში განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობაა, რაც 4 ოლქის უკანონო ანექსიამ გამოიწვია. კრემლში სხვადასხვა ფრაქციების არსებობაზე მიუთითებდა პრიგოჟინის სიტყვებიც, რომ ის "გამარჯვებამდე ომის" ფრაქციას ეკუთვნის.


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი პატიმრებს იბირებს და ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიაში თავისუფლების სანაცვლოდ გაწევრიანებას სთავაზობს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები