ვაგნერის ჯგუფი

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს სანქციები დაუწესა

ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები

13 დეკემბერს ევროკავშირმა დაქირავებულ რუს სამხედროთა დაჯგუფება ვაგნერს სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე შეეხო 8 პირს და სირიაში არსებულ სამ ენერგოკომპანიას. სანქცირებულებს უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში დაქირავებული მებრძოლების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

ევროკავშირი დაჯგუფება ვაგნერს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. გაერთიანების თანახმად, ჯგუფი კრემლის დავალებით საიდუმლო ოპერაციებს ატარებს.

"დღევანდელი ქმედების მიზანია ვაგნერის ჯგუფის დივერსიული ქმედებების შეზღუდვა. ეს არის ევროკავშირის ძლიერი მონდომების ნიშანი, დადგეს საკუთარი ინტერესებისა და ღირებულებებისთვის, სამეზობლოსა და მის მიღმა და მიიღოს არსებითი ქმედებები მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და არღვევენ საერთაშორისო სამართალს", – წერია ევროკავშირის განცხადებაში. 

"დაჯგუფება ვაგნერი პასუხისმგებელია უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანში და მოზამბიკში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე" - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

რუსეთის მთავრობა ვაგნერის დაჯგუფებასთან რაიმე კავშირს უარყოფს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ივ ლე დრიანის თქმით, ვაგნერი რუსი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფია, რომელიც რუსეთის ნაცვლად ომობს.

"რუსეთმა ეს რომ უარყოს, არავინ ტყუვდება" - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპელი დიპლომატების თქმით, გაერთიანება სანქციების არსებულ რეჟიმებს გამოიყენებს, რათა ვაგნერთან დაკავშირებულ პირებსა და ფირმებს სანქციები დაუწესოს.

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები