რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საკითხი არასწორადაა დასმული – პესკოვი ბირთვული დოქტრინის ამოქმედებაზე

დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ბირთვული დოქტრინის შესაძლო ამოქმედებას საკითხის არასწორად დაყენება უწოდა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, ექცევა თუ არა ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტი ბირთვული დოქტრინის ქვეშ, პესკოვმა აღნიშნა, რომ საკითხი საერთოდ არასწორადაა დასმული.

დოქტრინის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია "რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებზე მოწინააღმდეგის ზემოქმედებისას, თუ მწყობრიდან მათი გამოყვანა გამოიწვევს ბირთვული ძალების საპასუხო ქმედებების ჩაშლას".

დღეს, 10 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. ზოგიერთი მედიის ცნობით, სხდომაზე, შესაძლოა, განიხილონ ბირთვული დოქტრინის ამოქმედების საკითხი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმში, ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები