რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტია

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმში, ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეაფასა

"ეჭვგარეშეა - ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი და განხორციელებულია". - თქვა პუტინმა. 

მანამდე პუტინი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბასტრიკინს შეხვდა, რომელსაც ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამოძიება დაევალა. 

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები