რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი იზიუმზე: სიცრუეა, იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში, სიმართლეს დავიცავთ

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს, რომ ოკუპანტებმა ომის დანაშაულებები ჩაიდინეს უკრაინის ქალაქ იზიუმში. კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვის თქმით, იზიუმში აღმოჩენილი საფლავები სიცრუეა. 

"ეს იგივე სცენარია, როგორიც იყო ბუჩაში. ეს სიცრუეა და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს ამ ამბავში".- თქვა პესკოვმა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში 450 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.   

"დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც". - თქვა ზელენსკიმ. 

თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ იზიუმში სისასტიკე ბუჩაში ჩადენილ დანაშაულს შეადარა. მან ასევე გაიმეორა კიევის მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის და რუსეთს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.

"სავარაუდოდ, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 1 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე აწამეს და მოკლეს", - წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი "ღრმად შეშფოთებულია" მასობრივი საფლავების აღმოჩენით და დასძინა, რომ გაერთიანება "ამ სიმხეცეს უმკაცრესად გმობს"

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, იზიუმის გათავისუფლების შემდეგ ტყეში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 6 წლის გოგონას, ოლესიას ცხედარიც იპოვეს.  როგორც გერაშენკო საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, ის ხარკოვის ოლქში ცხოვრობდა, გოგონას ცხედართან ერთად ტყეში იპოვეს მისი დედის ცხედარიც. 

კომენტარები