რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს მთელ უკრაინაში ტოვებს

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

"ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ იზიუმში, რომელიც ახლახან განთავისუფლდა რუსული არმიისგან, აღმოჩენილი მასობრივი საფლავებით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ სისასტიკეს". - ვკითხულობთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს მთელ უკრაინაში ტოვებს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე უკვე მოკლეს, კიდევ უფრო მეტი აწამეს, შეავიწოვეს, სექსუალურად იძალადეს, გაიტაცეს ან იძულებით გადაასახლეს. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქცევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. 

რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის პირი, ვინც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებში მონაწილეობს, პასუხს აგებენ. ევროკავშირი ყველა ძალისხმევას, რომელიც ამ მხრივ განხორციელდება, მხარს დაუჭერს". - წერია განცხადებაში. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარმა გამომძიებელმა, სერხი ბოლვინოვმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზა ყველა ცხედარზე ჩატარდება. 

"შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი საფლავია რაც აქამდე გვინახავს... 440 ცხედარი ერთ ადგილას დაკრძალეს". - თქვა ბოლვინოვმა

კომენტარები