რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: ოკუპანტები საკუთარი ოჯახების რუსეთში სასწრაფოდ ევაკუირებას ახდენენ

RIA

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ე.წ მაღალჩინოსნები უკრაინის სწრაფი კონტრშეტევის პარალელურად საკუთარი ოჯახების რუსეთში სასწრაფოდ ევაკუირებას ახდენენ.

"უკრაინელ დამცველთა წარმატებული მოქმედებები აიძულებენ დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და ჩვენი ქვეყნის სამხრეთში მყოფ ე.წ მაღალჩინოსნებს, თავიანთი ოჯახები სასწრაფოდ გადაიყვანონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე". – წერია განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს. უკრაინამ შედეგად ორ მთავარ ქალაქზე - კუპიანსკისა და იზუმზე დაიბრუნა კონტროლი. 

რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. განაცხადების მიხედვით, მათი "გადაჯგუფების" მიზეზი დონეცკში ძალისხმევის გაძლიერებაა.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები