ხანძარი ბორჯომში

შსს: ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარი პერიოდულად ისევ ფიქსირდება, რაც ხანძრის ქრობის პროცესს ხელს უშლის. თუმცა, მათივე განცხადებით, ამის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს და ის დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე არ გავრცელდეს.

"რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა". - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

კომენტარები