ხანძარი ბორჯომში

გომელაური ხანძარზე: გაფართოების არეალმა შედარებით დაიკლო, თუმცა, ჩნდება ახალი კერები

საზოგადოებრივი მაუწყებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის კერებმა დაიკლო, ასევე შედარებით შემცირდა ცეცხლის გაფართოების არეალი. თუმცა, შს მინისტრის ცნობით, კვლავ ჩნდება ცეცხლის ახალი კერები.

გომელაურის თქმით, იმის საშიშროება, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტებზე გადავიდეს, არ არსებობს. თუმცა, მისივე თქმით, ცეცხლის ლოკალიზება ამინდზეა დამოკიდებული.

"დღეს ავიაციას სამი თვითმფრინავი დაემატა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თურქულ მხარეს, ჩვენს მეგობრებს. ვერტმფრენებმა დილით იმუშავეს, თუმცა ქარი იყო და გაუჭირდათ, რამდენიმე საათი ქარში ვერ იმუშავეს. ავიაციამ მაქსიმალურად, ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგი სახეზეა, ცეცხლის კერებმა შედარებით დაიკლო, მისმა გაფართოების არეალმა.

თუმცა, გუშინ სადაც არ იყო, დღეს იქ ცეცხლი იყო გადასული და ახალ-ახალი კერები იყო. სადაც ფიჭვნარი იყო, უფრო იქ ჩნდებოდა. ბორჯომის ხანძარი გახსოვთ, სადაც ტერიტორია მთლიანად, ყველაფერი იწვებოდა, აქ ასე არ არის. პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. სახანძრო მანქანები მაქსიმალურად გადასროლილია ქვედა მხარეს, აწყურის მიმართულებით, დაბლა სოფელთან". - ამობს გომელაური.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.

კომენტარები