უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ს კონგრესს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა სთხოვა.
"სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება. ყველას სახელით მოგმართავთ, ვინც დაიღუპა, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც სხეულის ნაწილები დაკარგეს, მათ სახელით, ვინც ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, ვინც ფრონტის ხაზიდან ოჯახის წევრების დაბრუნებას ელოდება. ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს.
იარაღი, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლისა და იმ უფლების დასაცავად, რომ ამავე სახლში ცოცხალმა გაიღვიძო. მე გთხოვთ საჰაერო დაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ დახოცონ ბავშვები ეტლებში.
შეძლებს თუ არა ჩემი შვილი სკოლაში დაბრუნებას შემოდგომაზე, არ ვიცი, როგორც მილიონობით დედამ უკრაინაში. შეძლებს თუ არა ჩემი ქალიშვილი სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სწავლას და ნორმალურ სტუდენტურ ცხოვრებას? მე ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია". - თქვა ოლენა ზელენსკამ.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





